ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა: ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრიდან თითქმის 24 საათში გარდაიცვალა. რეგულირების სააგენტოს დასკვნის გამოქვეყნებამდე, წინასწარ ვერსიად მძიმე ალერგიული გართულება, ანაფილაქსიური შოკი სახელდება. გარდაცვლილის ოჯახი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის დარღვევას გამორიცხავს და განმარტავს, რომ ჯანმრთელობის გაუარესებისთანავე ახალგაზრდა ქალს ყველა საჭირო პროცედურა დროულად ჩაუტარდა. მართალია, ევროპის მარეგულირებლის დასკვნის საფუძველზე საქართველოში ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკათი“ აცრა არ შეჩერდება, მაგრამ ვაქცინაციის პროგრამაში მაინც შედის ცვლილებები: დღეიდან აცრა მხოლოდ რეანიმაციული განყოფილებებით აღჭურვილ კლინიკებში ჩატარდება. როგორც დღეს ხდება ცნობილი, მსგავსი ალერგიული გართულება თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშიც დაფიქსირდა, თუმცა, საბედნიეროდ, მოქალაქის მდგომარეობის გაუმჯობესება მალევე მოხერხდა.
მოამბე