ქვეყანა მთავარ ეროვნულ დღესასწაულს ზეიმობს.
დღეს 26 მაისია – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენიდან 104 წელი გავიდა. ტრადიციული ცერემონია ისტორიულ ძეგლებთან, წვევამდელების მიერ ერთდროულად დადებული ფიცი, სამხედრო თვითმფრინავები, ავიაშოუ, ეროვნული დროშის ფერები ცაზე და თბილისის ცენტრში აჟღერებული საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები.
დედაქალაქში საზეიმო ღონისძიებების ეპიცენტრში ტრადიციულად თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი იყო, სადაც დილიდან სახალხო დღესასწაული სხვადასხვა აქტივობით აღინიშნება. იყო ხელისუფლების პირველ პირთა მიმართვები, ისტორიული პარალელები და კიდევ ერთხელ ხაზგასმა, თუ რამდენად დიდი ადგილი უკავია 1918 წლის 26 მაისს ქვეყნის ისტორიაში – დღეს, როდესაც თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ქართველი ხალხის მრავალწლიანი ოცნება რეალობად იქცა.