21 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან – ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, ქვეყანაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ჯო ბაიდენი პირველ ლედისთან ერთად, თავდასხმის სამ ადგილს მოინახულებს. ტერორისტული თავდასხმების დროის შესაბამისად, დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით ექვსჯერ მიაგებენ პატივს. 2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან ორი თვითმფრინავი ნიუ იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა. 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტების სერიას აშშ-ში 2 977 ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებიდან ცოცხალი მხოლოდ 20 ადამიანი ამოიყვანეს. ცათამბჯენების ნგრევას 2,2 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. შენობების ნგრევის დროს განადგურდა 1337 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის სახანძრო სამსახურის 91 მანქანა. „ტყუპებთან“ ერთად, დაინგრა 47-სართულიანი შენობა, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ნაწილი იყო.
ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ნაგვის გატანა 261 დღეს გაგრძელდა, ხანძრის კერების ჩაქრობას კი 99 დღე დასჭირდა.