9/11 - 20 წელი ტერაქტიდან

აშშ-ში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ალ კაიდას“ მიერ განხორციელებული ტერაქტებიდან 20 წელი გავიდა. ტერაქტთან დაკავშირებით, ქვეყანაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ჯო ბაიდენი, პირველ ლედისთან ერთად, თავდასხმის სამ ადგილს მოინახულებს. ტერორისტული თავდასხმების დროის შესაბამისად, დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით ექვსჯერ მიაგებენ პატივს.

2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ-კაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბრჯენებს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა. 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტების სერიას აშშ-ში 2 977 ადამიანი ემსხვერპლა.