2013 წელს გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის მამიდა პროკურატურას მიმართავს

2013 წელს გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას მამიდა მთავარ პროკურატურას მიმართავს და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

ხათუნა კორტავამ, განცხადება „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში პოლიტიკური პარტიის ლიდერთან ერთად გააკეთა. კორტავას მტკიცებით, ციხეში მისი ძმისშვილისთვის მიყენებული დაზიანებების შემდეგ, პატიმარს შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს და დანაშაული დაფარეს.

გარდაცვლილი პატიმრის მამიდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მაშინდელი მინისტრის, სოზარ სუბარისა და გენინსპექციის მაშინდელი ხელმძღვანელის, მირზა სუბელიანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს სოზარ სუბარი. მიმართვასთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არც მთავარ საგამოძიებო უწყებას გაუკეთებია. ლევან კორტავა გეგუთის ციხეში მიყენებული დაზიანებების შემდეგ 2013 წლის 23 მაისს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ოფიციალური ინფორმაციით, მას მძიმე დაზიანებები პატიმრებმა მიაყენეს. ფაქტზე უკვე მსჯავრდებულია რამდენიმე პატიმარი. პროკურატურამ მოგვიანებით ბრალი ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც წაუყენა. მათი საქმის სასამართლო განხილვები ქუთაისში ამ დრომდე მიმდინარეობს.