„ხალხის ძალას“ განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების ახალი წერილი მორიგი პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი ხდება. კრიტიკის მთავარ სამიზნედ აშშ-ის საელჩო რჩება, რომლის მიმართ მმართველი პარტიის ყოფილი წევრების ტონი კიდევ უფრო გამწვავებულია. დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ამჯერად საელჩოს იმ გზავნილებით შეშფოთდნენ, რომელიც სასამართლო სფეროში გასატარებელ რეფორმას ეხება.

დიპლომატიური მისიის კონკრეტულ წინადადებებში დეპუტატები რეკომენდაციების ნაცვლად, აბსურდულ ინსტრუქციებს ხედავენ და საელჩოს ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში ადანაშაულებენ. მითითებულია ის სამი ინიციატივაც, რომელთა მიზანი, როგორც წერილის ავტორები განმარტავენ, სასამართლო სისტემაში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასურველი მოსამართლეების შეყვანა და სფეროს კონტროლია. ახალ განცხადებას ოპოზიციის საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა, წერილის შინაარსს და იქ გამოთქმულ შეფასებებს არ იზიარებენ მმართველი გუნდის წევრებიც. 

გიორგი კობერიძე გვეტყვის, ამჯერად რა პრეტენზიები აქვთ „ქართული ოცნების“ ექსდეპუტატებს ამერიკის დიპლომატიური მისიის მიმართ.