„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადება

სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი კელი დეგნანს მიმართავენ – თქვენი განცხადებებიდან და დუმილიდან შეგვიძლია, გამოვიტანოთ მყარი დასკვნა, რომ შეხვდით ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რთული გამოსაცნობი არაა, რა გზავნილიც გექნებოდათ. ეს კიდევ ერთი წერილია, რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაავრცელეს. ჩვენი მომართვიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ქართულ საზოგადოებას არ დაეკარგა ნდობა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ეჭვის დონეზეც კი არ დაეშვა, რომ მისი მიზანი ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შედარებით უკეთ შესაკავებლად, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა. ვფიქრობდით, რომ ამგვარი ეჭვის გაღრმავების შემთხვევაში, დასავლური ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების მაღალ ნდობას, რომლის გამყარებაშიც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, უმძიმესი ზიანი მიადგებოდა. ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ აშშ-ის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევის თავიდან აცილება და დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციული ზიანის პრევენცია იყო. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ თავი ვალდებულად, თქვენთვის დაგვესვა რამდენიმე შეკითხვა, რომელზეც, შეურაცხყოფის ნაცვლად, მკაფიო პასუხების მიღებას ველოდით. აქვე ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე შეხვედრასთან დაკავშირებით, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და თუ გაიმართა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი იქნა მასზე განხილული.

ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს პოზიციებს და არ ჩაერთვება ისეთ ომში, რომელსაც გლობალური მიზნებისთვის გარკვეული უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას სრულ განადგურებას უქადის. თუმცა, იმისთვის, რომ მოვლენების სხვაგვარი სცენარით განვითარების მინიმალური რისკიც არ დავუშვათ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მაქსიმალური აქტიურობა და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმაა საჭირო, რაზეც მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნებთ“, – ნათქვამია ერთობლივ წერილში.