რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა არაერთხელ ახსენეს 2007 წლის 7 ნოემბერი – დღე, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.
11 წლის წინ სასტიკად დარბეულ აქციას წინ პოლიტიკური კრიზისი უძღოდა, რომელიც 2007 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო. მიხეილ სააკაშვილის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები აქციებს პერმანენტულად მართავდნენ. 7 ნოემბერს დილით კი, სამართალდამცავებმა პარლამენტთან გაშლილი კარვები დაშალეს და მომიტინგეებს სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ. მაშინ სპეცრაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ხელკეტები, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ჯერ რუსთაველზე, შემდეგ კი რიყეზე აქციების დაშლას ტელე-კომპანია „იმედში“ შეჭრა მოჰყვა.
11 წლის წინანდელი 7 ნოემბერი ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა.