ხმაური და დაპირისპირება დმანისში

ფიზიკური დაპირისპირება ხელკეტებით და ქვებით: ხელჩართულ ჩხუბს და ძალადობას მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.

სასურსათო მაღაზიასთან გუშინ მომხდარი კონფლიქტი მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. არსებობს ჩხუბის ამსახველი კადრები, სადაც ჩანს, რომ მხარეები ერთმანეთს ქვებით და ჯოხებით სცემენ. ვნებათაღელვა დღესაც გაგრძელდა. დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. დმანისში ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

ადგილზე არსებული ვითარება მწვავე პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდი კი ფაქტს ყოფით ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტად აცხადებს და ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებას გამორიცხავს. თავდასხმის სამიზნე გახდა პირველი არხის გადამღები ჯგუფიც. როგორც ირკვევა, საქმეზე ცალკე გამოძიება არ დაწყებულა, ის ძალადობის მუხლით უკვე აღძრულ საერთო საქმესთან გაერთიანდა. ჩვენს ჯგუფზე ძალადობას ამ დრომდე არ გამოხმაურებია სახალხო დამცველიც.