20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის კიდევ ოთხი პირი დააკავა. დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელიც. გამოძიების ინფორმაციით, მან გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.
პარალელურად გრძელდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოკითხვები ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
დღეს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი ირაკლი ღლონტი გამოიკითხა. ისიც, სხვა ოპოზიციონერების მსგავსად, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე წარდგა.