ზვიად კვაჭანტირაძე შენგენის ზონაში მიმოსვლასთან დაკავშირებულ ცვლილებების პროექტზე საკუთარი ხელმოწერის ბათილად ცნობას ითხოვს
ზვიად კვაჭანტირაძე შენგენის ზონაში მიმოსვლასთან დაკავშირებულ ცვლილებების პროექტზე საკუთარი ხელმოწერის ბათილად ცნობას ითხოვს

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ზვიად კვაჭანტირაძეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე შენიშვნები აქვს, რის გამოც კანონპროექტის ინიციატორებიდან საკუთარი ხელმოწერის ბათილად ცნობას ითხოვს.

აღნიშნული ცვლილებების ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა, რომლის ერთ-ერთ ავტორად, საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად, ზვიად კვაჭანტირაძეც იყო მითითებული.

პირველ არხთან საუბარში კვაჭანტირაძე განმარტავს, რომ პროექტი უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ეხება და მას გარკვეულ საკითხებზე შენიშვნები აქვს.

„კანონპროექტის ინიცირების მთავარი მიზანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებით სარგებლობა სამომავლოდ უსაფრთხოდ, შიშის გარეშე გააგრძელონ და შენგენის შეთანხმების ქვეყნებში შეუფერხებლად იმგზავრონ. ამ მიზნით, პატივცემულ კოლეგებთან ერთად, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი, მაგრამ ვთვლი, რომ ზოგიერთი პუნქტი კიდევ უფრო მეტ დაფიქრებას საჭიროებს და ამასთან დაკავშირებით ინიციატორებთან ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზებები მექნება. არ მინდა, ასეთი სახით ამ კანონპროექტის ინიციატორი მეც ვიყო. ამიტომ, საორგანიზაციო განყოფილებას წერილი ჩავაბარე, რომ ინიცირებაზე ჩემი ხელმოწერა ბათილად იქნას ცნობილი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კანონპროექტის მიღებას სრულიად ვემიჯნები, არც ერთ შემთხვევაში. შესაძლებელია, მას მხარიც დავუჭირო, მაგრამ იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რომელიც გამაჩნდა, გამაჩნია და რომლის განხილვას და წარმოდგენას ჩვენი კომიტეტის სხდომაზე ვაპირებ“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

რაც შეეხება ცვლილებებს, კანონპროექტით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ან მისთვის უცხო ქვეყანაში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ამასთან, პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ასევე სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობით დაისჯება.

იმ შემთხვევაში კი, თუ აღნიშნული ქმედებები ჩადენილია – არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიერ, ყალბი საბუთების გამოყენებით, გათვალისწინებულია ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თუ ზემოაღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სანქცია შვიდიდან 10 წლამდე ვადით პატიმრობას გულისხმობს.