ზვიად კვაჭანტირაძე - საზოგადოებას უნდა მიეცეს ბიძგი ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების ცვლა
მთავარი მოტივი, რისთვისაც ვიკრიბებით დღეს, არის ის, რომ საზოგადოება გათავისუფლდეს ნარატივისგან, რომ დღეს პოლიტიკური ავანსცენა მხოლოდ ეთმობა „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრების დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეკრებაზე დავით მაღრაძემ დაპატიჟა და ეს ღონისძიება ახალგაზრდებისთვის ესტაფეთის გადაცემას ეძღვნება.
„დღევანდელი თავყრილობის ინიციატივა ეკუთვნის დათო მაღრაძეს. „დაიცავი საქართველო“ ჯერ კიდევ 10 წლის წინ შეიქმნა, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. მთავარი მოტივი, რისთვისაც ვიკრიბებით დღეს, ეს არის ის რომ ვისაც აქვს განცდა, რომ საქართველოში ბოლო წლებში გამეფებულია ერთადერთი ნარატივი, რომ ეს პოლიტიკური ავანსცენა ეთმობა მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, მიდის მუდმივი ბრძოლა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, ამისგან ქართული საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს. საზოგადოებას ბიძგი უნდა მიეცეს ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების ცვლა და შექმნას გარანტია, რომ ძველი ძალები ხელისუფლებაში აღარ დაბრუნდებიან, იგულისხმება „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
რაც შეეხება კითხვას, შუალედურ არჩევნებზე ვის დაუჭერს მხარს, ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ შუალედურ არჩევნებზე პოზიციას ცოტა მოგვიანებით დააფიქსირებს.
„მთაწმინდის არჩევნებზე არ გვაქვს გადაწყვეტილი, ვის დავუჭერთ მხარს და ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ მთაწმინდის არჩევნებზე, საერთოდ შუალედურ არჩევნებზე პოზიცია ცოტა მოგვიანებით დავაფიქსიროთ. ვაპირებთ სხვებთან თანამშრომლობას, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
კითხვაზე, აფინანსებს თუ არა ამ შეკრებას ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე პასუხობს: „ძალიან დიდი წარმოდგენა გქონიათ ეკას ფინანსებზე. ეს არის საერთო ძალებით შეკრებილი რესურსი, რომელმაც უზრუნველყო დღეს აქ შეკრება“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.