კახა მიქაია - დავტოვე „დაიცავი საქართველო“ და ასპარეზს ვუთმობ ახალგაზრდებს
კახა მიქაია - დავტოვე „დაიცავი საქართველო“ და ასპარეზს ვუთმობ ახალგაზრდებს

კახა მიქაია აცხადებს, რომ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ განახლება სჭირდება. მიქაიამ საქართველოს პირველ არხთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მოძრაობა დატოვა. მისი თქმით, ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმო.

„რაც მეტი ახალი სახე იქნება „დაიცავი საქართველოში“, მით უკეთესი. მე დავტოვე „დაიცავი საქართველო“ და ჩემს განცხადებაში დავაფიქსირე, რომ ასპარეზს ვუთმობ ახალგაზრდებს, რადგან დარწმუნებული ვარ, ქვეყანა რომ პოლიტიკური, სოციალური, მორალური, კრიზისიდან გამოვიდეს, ახალგაზრდული ენერგია არის აუცილებელი. ეს იყო ჩემი განცხადების მთავარი მიზეზი. რასაკვირველია, ჩემი დარჩენა და ახალგაზრდების მოზიდვაც არ ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, მაგრამ ჩემი სურვილია, ძველ სახეებზე უფრო მეტად ახალი სახეები იყოს წარმოდგენილი.

ამ თემაზე მქონდა მოძრაობის ლიდერებთან საუბარი. ყველამ იცოდა, რომ ამ განცხადებას გავაკეთებდი. არ ვიცი, სხვა ლიდერები რას იზამენ, მიმართავენ თუ არა ჩემს მაგალითს. მთავარია, რომ ეს განცხადება არის ჩემი გულწრფელი განცხადება. რაიმე სახის აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება არ ყოფილა. არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს და არანაირი ქვედა დინებები ამას არ აქვს. მინდა, რომ ამ იდეამ, „დაიცავი საქართველოს“ იდეამ, რომლის ავტორიც ჭაბუა ამირეჯიბია, რეალიზება ჰპოვოს დღევანდელ საქართველოში, რათა საზოგადოებამ ახლებურად შეხედოს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა კახა მიქაიამ.