ზვიად კუპრავას საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს
ზვიად კუპრავას საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს.
როგორც კუპრავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, იგი ბრალდებას სამარცხვინოს უწოდებს.
„ოფიციალურად წამიყენეს ბრალი, ოღონდ წინა დაბარებისგან განსხვავებით, როდესაც გამოძიება დაიწყო 366-ე მუხლის პირველი ნაწილით, დღეს დაამძიმეს და მეორე ნაწილით წამიყენეს ბრალი, რაც 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მინდა, ამ სამარცხვინო ბრალდების პატარა მონაკვეთი წაგიკითხოთ, სადაც წერია – „პოლიციის მუშაკთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ზვიად კუპრავამ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურების მიზნით სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღება“, – აი ამას მედავებიან“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
ზვიად კუპრავას ბრალი წარედგინა სსსკ-ის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
11 ივნისს, ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოს სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-ს გენინსპექციამ პოლიციელების მხრიდან გადაცდომის ფაქტი დააფიქსირა. კერძოდ, ინციდენტში მონაწილე ოთხ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევარი დამოკიდებულებისთვის საყვედური გამოეცხადა, ხოლო იმავე გადაცდომისთვის, ამ პოლიციელების ხელმძღვანელ პირს, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა, შსს-მ დისციპლინარული სასჯელი, სასტიკი საყვედური გამოუცხადა.