ადვოკატები - გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა და ბონდო თედორაძე აქციაზე უკანონოდ დააკავეს, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გამოძიების დაწყების თხოვნით მივმართავთ
ადვოკატები - გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა და ბონდო თედორაძე აქციაზე უკანონოდ დააკავეს, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გამოძიების დაწყების თხოვნით მივმართავთ

თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დღეს გამართულ აქციაზე დაკავებულების, გოგა ონიანის, ზვიად კუპრავასა და ბონდო თედორაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაკავება მოხდა უკანონოდ. ისინი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავენ.

ადვოკატები და ოჯახი ზვიად კუპრავას სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს და აცხადებენ, რომ მას დაკავებისას სამართალდამცავებმა დაზიანებები მიაყენეს.

„რა მუხლებითაც არიან დაკავებულები, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ხულიგნობა, ამას არც ერთი დაკავებული არ ეთანხმება. ზვიად კუპრავას, გიორგი ონიანისა და ბონდო თედორაძის დაკავება მოხდა სრულიად უკანონოდ.

გოგა ონიანის დაკავება მოხდა პოლიციის მაღალჩინოსნის გოგა მემანიშვილის მიერ გაცემული უკანონო ბრძანებით. რაც შეეხება ზვიად კუპრავას, მის მიერ მოხდა პატივის ღირსების შემლახავი, არაადამიანური მოპყრობა. მან იმდენად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რომ ის 60 კმ.სიჩქარით მოძრავი მანქანიდან გადმოხტა. შემდეგ მოხდა მასზე დადევნება. ამ მიკროავტობუსსაც, როგორც ბატონი ზვიადი გადმოსცემს, აქვს დაზიანებები. მანქანა დადევნებისას რაღაცებს ეჯახებოდა. შემდეგ, როგორც დაკავებული ამბობს, მას ამ მანქანით დაეჯახნენ. ამის შემდეგ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მას დაუდგინდა ინგოროყვას კლინიკაში ტვინის შერყევა, აქვს დაჟეჟილობები. ეს ადამიანი უნდა გადიოდეს შესაბამის მკურნალობას და ის უნდა იქნეს გადაყვანილი სპეციალიზებულ კლინიკაში. დავრეკავ ცხელ ხაზზე და მივმართავ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომ მოხდეს სწრაფი რეაგირება, გამოძიება“, – განაცხადა ადვოკატმა, დავით ცინცქილაძემ.