სუს-ის შენობასთან აქციაზე დაკავებული გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა და ბონდო თედორაძე ხაშურის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
სუს-ის შენობასთან აქციაზე დაკავებული გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა და ბონდო თედორაძე ხაშურის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დღეს გამართულ აქციაზე დაკავებული გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა და ბონდო თედორაძე შსს-ს ხაშურის პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

პოლიციასთან იმყოფებიან დაკავებულების უფლებადამცველები. ადვოკატის ინფორმაციით, მათ უკვე რამდენიმე საათია, არ ეძლევათ დაცვის ქვეშ მყოფებთან შეხვედრის უფლება. ადვოკატისვე განცხადებით, დროებითი დაკავების იზოლატორში ზვიად კუპრავასთვის დახმარების აღმოსაჩენად სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა.

„ქვეყანაში სამართლებრივი კუთხით არის კატასტროფული მდგომარეობა. სამოქალაქო აქტივისტები უკანონოდ დააკავეს დილით და მას შემდეგ ჩვენ ვერ ვადგენდით, სად ჰყავდათ გადაყვანილი. მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ზვიად კუპრავა და გიორგი ონიანი იმყოფებიან ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ვცდილობთ, შევხვდეთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს, მაგრამ გვეუბნებიან, ჯერ საბუთები არ გვაქვს გაფორმებულიო. აქ არის სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ჩვენი ინფორმაციით, ზვიად კუპრავას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და ამიტომაა გამოძახებული სასწრაფო დახმარება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მოხდა ფიზიკური ძალადობა. ჩემი ინტერესია, რომ დროულად შევხვდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. დაკავებულების კონსტიტუციური უფლება, დაცვის უფლება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ“, – განაცხადა ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ.

დატოვე კომენტარი