მამუკა მდინარაძე - ზვიად კუპრავამ მოაწყო პროვოკაცია, მაგრამ რა უნდოდა, ისიც არ იცოდა, ასეთ დრამებზე დაყრდნობით უნდათ, ქაოსის ფონი შექმნან, მაგრამ არ გამოუვათ
მამუკა მდინარაძე - ზვიად კუპრავამ მოაწყო პროვოკაცია, მაგრამ რა უნდოდა, ისიც არ იცოდა, ასეთ დრამებზე დაყრდნობით უნდათ, ქაოსის ფონი შექმნან, მაგრამ არ გამოუვათ

ზვიად კუპრავას მხრიდან იყო პროვოკაცია, გარკვეული რეპეტიცია, რომელიც იყო საჩვენებლად თავისი აქტივისტების მიმართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„დღეს ვნახეთ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოწყობილი პროვოკაცია „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც ითხოვდა რაღაც სითხის გადაცემას. კანონში სად წერია, რომ ეს სითხე არ უნდა იყოს ამ დროს ან უნდა იყოს. ასეთ არარეალურ ფაქტებზე, ასეთ დრამებზე დაყრდნობით უნდათ, რაღაც ქაოსის ფონი შექმნან, მაგრამ არ გამოუვათ. მოლოდინებსა და წარმოდგენებს, რაც მათ აქვთ, ამ ქვეყანაში აღსრულება არ უწერია. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ, ძლიერ ქვეყანაში და არავინ აპირებს ამ პროვოკაციებზე წამოეგოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ზვიად კუპრავამ პროვოკაცია მოაწყო.

„მაგრამ რა უნდოდა, ისიც არ იცოდა. კანონდარღვევას არქმევდა თვითონ რაღაცას სითხესთან დაკავშირებით. მე მაგალითად არ მახსენდება, რა დარღვევაზე საუბრობდა და რა ე.წ. დარღვევასთან დაკავშირებით აწყობდა პროვოკაციას. ატრიბუტებთან და სხვა საშუალებასთან დაკავშირებით, რაც სჭირდება საარჩევნო კომისიას ნორმალური ფუნქციონირებისათვის, უბანზე სხვა დათქმა მე არ მახსენდება. ბუნებრივია, იყო პროვოკაცია, გარკვეული რეპეტიცია, რომელიც იყო საჩვენებლად თავისი აქტივისტების მიმართ. მინდა, მოვუწოდო ყველა მათ წარმომადგენელს, უფლებამოსილი პირი იქნება თუ არაუფლებამოსილი, ნუ აჰყვებიან „ნაცმოძრაობის“ პროვოკაციულ რიტორიკას, ნუ მიიღებენ და შეასრულებენ ისეთ დავალებებს, რაც უკანონოა და მეორე მხრივ მორალურადაც სწორი არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ცესკო-ში განაცხადეს, რომ „საბურთალოს საარჩევნო ოლქის 76-ე და 52-ე საარჩევნო უბნებზე (ორივე უბანი განთავსებულია ერთ სკოლაში), კანონდარღვევით შეიჭრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რომელიც არაუფლებამოსილი პირია და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საარჩევნო უბნის წევრებს იმ მიზეზით, თითქოს საარჩევნო უბნებზე მარკირების სითხე დიდი რაოდენობით, ვადების დარღვევით იყო შეტანილი“.