ზვიად კუპრავამ რამდენიმე სამართალდამცველს სუს-ის გადაცმული აგენტი უწოდა და მათგან ტერიტორიის დატოვება მოითხოვა [ვიდეო]
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, სადაც აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი, ზვიად კუპრავამ რამდენიმე სამართალდამცველს სუს-ის გადაცმული აგენტები უწოდა და მათგან ტერიტორიის დატოვება მოითხოვა.
კუპრავას თქმით, აღნიშნულ პირებს პირადობის დამადასტურებელი და სამსახურებრივი მოწმობები არ ჰქონდათ და ვერ წარმოუდგინეს.
„ეს ადამიანები არ არიან პატრულის თანამშრომლები. გადაცმული ფორმები აცვიათ. ძალიან გთხოვთ, დააყენეთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და არა სუს-ის თანამშრომლები. სუს-ი გაიწვიეთ. არაფერი ესაქმებათ აქ“, – განაცხადა კუპრავამ.
კითხვაზე, რა ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ აღნიშნული პირები სუს-ის აგენტები არიან, კუპრავამ განაცხადა, რომ ისინი სახეზე იცნო.
პასუხად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ზვიად კუპრვას განუცხადა, რომ ადგილზე სამართალდამცავები მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იმყოფებიან.
„აქ ვიცავთ თქვენს უსაფრთხოებას. ეს ჯებირები გავაკეთეთ იმის გამო, რომ დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება, მოგეცეთ თავისუფლად თქვენი აზრის გამოხატვის საშუალება. ბევრი გაღიზიანბული ადამიანი დადის იმის გამო, რომ არის ქუჩა გადაკეტილი და მოსალოდნელი პროვოკაციები, რომ ავიცილოთ თავიდან, ამიტომ ვმოქმედებთ ჩვენ აქ და მთელი ღამის განმავლობაში ვიყავთ.” განაცხადა კუპატაძემ.
აღნიშნული განცხადება კუპატაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ზვიად კუპრავა კონკრეტულ პოლიციელბთან მივიდა და უთხრა, რომ ისინი სუსის თანმშრომლები არიან და პროვოკაციას გეგმავენ.