ზვიად კუპრავა - შსს-ს გამომძიებელ კახა სირაძეს თავის დროზე მირზა სუბელიანმა გაუწია შუამდგომლობა, რომ სამსახურიდან არ გაეშვათ
ზვიად კუპრავა - შსს-ს გამომძიებელ კახა სირაძეს თავის დროზე მირზა სუბელიანმა გაუწია შუამდგომლობა, რომ სამსახურიდან არ გაეშვათ

ხორავას ტრაგედიის შემდეგ, მირზა სუბელიანი დაუკავშირდა კახა სირაძეს,რომელიც თავის მხრივ ვალში იყო სუბელიანთან და უთხრა, ყურადღება მიექცია ​ფარდულისთვის, – ამის შესახებ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელმა, ზვიად კუპრავამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანი, რომელსაც გააჩნდა ვალდებულება, ფარდული ყოფილიყო დაცული, იყო კახა სირაძე, რომელიც იმ განყოფილების უფროსი იყო, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე ებარა.

„რატომ არ გააკეთა არაფერი, რატომ მიუდგა გულგრილად სირაძე ფარდულს?

ჩემთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ როდესაც ვანო მერაბიშვილი დაიჭირეს, კახა სირაძე თავის თანამშრომლებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად, ოთარ მირზოევთან, შოთა ჭანუყვაძესთან, გიორგი კაჭარავასთან, ლაშა ქურხულთან, გელა ანჯაფარიძესთან, გოგიტა დიდებაშვილთან ერთად, დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ კახა სირაძე და ეს პირები იყვნენ ვანო მერაბიშვილის გარემოცვა. მოსთხოვეს პატაკების დაწერა და უთხრეს, თქვენ უნდა წახვიდეთ სამსახურებიდანო“, – აღნიშნა კუპარავამ.

მისივე თქმით, კახა სირაძე და აღნიშნული პირები მივიდნენ გენერალურ ინსპექციაში, დაწერეს პატაკები სამსახურიდან წასვლის თაობაზე, თუმცა, გენერალური ინსპექციის მოთხოვნით, პატაკებზე თარიღი არ იქნა დასმული.

„ამის შემდეგ კახა სირაძემ დაურეკა მის უახლოეს მეგობარს, მირზა სუბელიანს და სთხოვა, შუამდგომლობა გაეწია ამ ადამიანებისთვის, რომ სამსახურებიდან არ წასულიყვნენ. თავის მხრივ სუბელიანმა გაუწია შუამდგომლობა ამ ადამიანებს და მათი ნაწილი დაიტოვეს შსს-ს ორგანოებში. მათ შორის დაიტოვეს კახა სირაძე. ეს, რა თქმა უნდა, სირაძის უახლოესი მეგობრის, მირზა სუბელიანის დამსახურება იყო. სუბელიანი მას შემდეგ, რაც ხორავას ტრაგედია მოხდა, დაუკავშირდა კახა სირაძეს, რომელიც თავის მხრივ ვალში იყო სუბელიანთან და უთხრა, რომ მიექცია ყურადღება ფარდულისთვის. ყურადღების მიქცევაში ხვდებით, რასაც ვგულისხმობ“, – აღნიშნა კუპრავამ.

მისივე თქმით, თუ კომისია მირზა სუბელიანისა და კახა სირაძის სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერებს ამოიღებს, ამით მისი მონაყოლი დადასტურდება.

„თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ამოღებული იყოს სუბელიანისა და სირაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, რა სიხშირით იყო კომუნიკაცია 1-ელ, 2, 3 დეკემბერს. ესეც იქნება იმის ირიბი მტკიცებულება, რასაც მე ვლაპარაკობ .ამის შემდეგ, კახა სირაძე მოიქცა გულგრილად, არ მოხდა მტკიცებულების დაცვა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილი, მკვლელობის ადგილი, სადაც იყო ნაწილაკები, მოხდა მისი დანგრევა“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.