ზვიად კუპრავა - სასამართლოში ჩვენებას მივცემ მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით
მე ვისარგებლე ჩემი უფლებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს განვუცხადე, რომ სასამართლოში ჩვენებას მივცემ მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, – ამის შესახებ ზვიად კუპრავამ ვაკე-საბურთალოს პოლიციასთან ჟურნალისტებს განუცხადა. საქმე საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს ეხება.
„უახლოეს დღეებში სავარაუდოდ მოხდება ჩემი დაკითხვა. მე მინდა მთელმა ქვეყანამ დაინახოს ის ცირკი, ის კლოუნადა და აბსურდის თეატრი, რა აბსურდის თეატრსაც მედავებიან“, – განაცხადა კუპრავამ.
11 ივნისს, ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოს სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-ს გენინსპექციამ პოლიციელების მხრიდან გადაცდომის ფაქტი დააფიქსირა. კერძოდ, ინციდენტში მონაწილე ოთხ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევარი დამოკიდებულებისთვის საყვედური გამოეცხადა, ხოლო იმავე გადაცდომისთვის, ამ პოლიციელების ხელმძღვანელ პირს, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა, შსს-მ დისციპლინარული სასჯელი, სასტიკი საყვედური გამოუცხადა.