ზვიად კუპრავა - რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება, მიუხედავად იმისა, დაესწრება თუ არა მას ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე ამჟამად რუსთაველის გამზირზე არ იმყოფება, – ამის შესახებ პარლამენტთან აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ზაზა სარალიძემ თავი ვაკის პარკში შეურაცხყოფილად იგრძნო და ამჟამად ის სახლში წავიდა.
„ვაკის პარკში იყო ფარისევლური აქცია. ის არ იყო თანაგრძნობის აქცია. ეს იყო სუს-ის მიერ ორგანიზებული, სადაც მას მიაყენეს შეურაცხყოფა და ზაზა დაითრგუნა. ამჟამად მას მარტო ურჩევნია ყოფნა. მიუხედავად იმისა, დაესწრება თუ არა ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე აქციას, ის მაინც გაიმართება“, – აცხადებს ზვიად კუპრავა.
ამასთან, ზვიად კუპრავამ გუშინდელ აქციაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უწევდათ თავის დაცვა და ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკოსებთან კონსულტაციები დაეწყოთ, „რადგან პოლიტიკოსებმა ეს სიბინძურე იქ მოითხოვონ, სადაც ხელი მიუწვდებათ“.
„გუშინდელი ფაქტი მცირე განმარტებას მოითხოვს, შორიდან ალბათ იმდენად კარგად არ ჩანს, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მე, ზაზა და ბატონი მალხაზი, განსაკუთრებით მე და ზაზა ვიმყოფებოდით, მთელი სახელმწიფო უწყება გვებრძოდა ჩვენ. იყო ჩვენზე შეტევა, ეს იყო ინტერნეტსივრცე, პირადი და ასე შემდეგ. ამ ადამიანების გაყრას ვერ ვასწრებდით, ჩვენი კარავი ღიაა. ფიზიკურ, მორალურ, ყველანაირ ტერორს მიმართავდა შვილმოკლული მამისა და მისი მოქალაქის წინააღმდეგ. შესაბამისად, მივიღეთ კონტრზომების მიღების გადაწყვეტილება. ფიზიკურად გვიწევდა თავის დაცვა, მაგრამ როცა მივხვდით, რომ ამას ვერ გავუძლებდით, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ტაქტიკა და სტრატეგია შევიმუშავეთ, რომ სუს-ის ეს ქმედებები გავენეიტრალებინა. იმ ნაბიჯებით, რაც განვახორციელეთ, შედეგი გამოიღო და სუს-ი სასტიკად დავამარცხეთ. სუს-ი დამთავრდა გუშინ. გუშინ სუს-ი „გაბანძდა“ ზაზასთან. აი ეს არის პასუხი სუს-ს. ვინაიდან მსგავსი ფორმებით არის შეტევა ჩვენზე და გვებრძვის სისტემა, მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეწყო კონსულტაციები პოლიტიკოსებთან. დავიწყეთ კონსულტაციები, რადგან პოლიტიკოსებმა ეს სიბინძურე იქ მოითხოვონ, სადაც ხელი მიუწვდებათ“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.