ზვიად კუპრავა - მირზა სუბელიანმა შსს-ს წარმომადგენელ კახა სირაძეს მოსთხოვა, ფარდულის პრობლემა მოეგვარებინა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრებ ადამიანებზე, რომლებიც ირიბ კავშირში არიან მირზა სუბელიანთან და კახა სირაძესთან, – ამის შესახებ სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ პარლამენტში განაცხადა.
როგორც ზვიად კუპრავამ განაცხადა, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ კომისიის თავმჯდომარეს სერგი კაპანაძეს თავად სთხოვა, რომ მისი დაკითხვა უახლოეს ვადებში მომხდარიყო.
მისივე თქმით, კომისიის წევრების წინაშე ის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამაზე, მირზა სუბელიანზე და სამართალდამცველებთან მის კავშირებზე ისაუბრებს.
„მე შეყვანილი ვიყავი საპარლამენტო კომისიის დასაკითხ მოწმეთა სიაში. განსაზღვრული არ იყო, როდის და რა ეტაპზე მოხდებოდა დაკითხვა, არ ჰქონდა მნიშვნელობა. რამდენიმე დღის წინ, შსს-მ დაიწყო ჩემ წინაამღდეგ 366-ე მუხლით გამოძიება, რათა მალე მივაწოდო კომისიას ინფორმაცია. მე შევთავაზე კომისიას, რომ მალე მიმეწოდებინა ინფორმაცია. ზაზა სარალიძემ მითხრა, რომ დაურეკავდა სერგი კაპანაძეს, რათა მალე მომხდარიყო ჩემი დაკითხვა. ექვსი თვე პრაქტიკულად ყველაზე ვსაუბრობდით. ის, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია. დეტალებია ფარდულზე, მირზა სუბელიანზე, კახა სირაძეზე. ადამიანებზე, რომლებიც ირიბ კავშირში არიან სუბელიანთან და სირაძესთან. ვაპირებ რამდენიმე სახელისა და გვარის ჩამოთვლას. ეს ადამიანები, მათ შორის კახა სირაძე, დავალებულები არიან მირზა სუბელიანის წინაშე. პოლიციის ეს შემადგენლობა ვალდებულია სწორედ მირზა სუბელიანთან. სუბელიანმა ეს ბოროტად გამოიყენა და მოსთხოვა სირაძეს, ფარდულის პრობლემა მოეგვარებინა. მე ამის შესახებ კომისიის სხდომაზე ვისაუბრებ. დიპლომატებთან შეხვედრაც შეეხება სწორედ იმ გამოძიებას, რაც დაიწყო ჩემს წინაამღდეგ. ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემ წინაამღმდეგ მაშინ, როდესაც თავად ვარ დაზარალებული“, – განაცხადა კუპრავამ.