ზვიად კუპრავა - ხვალ ექვს საათზე მთელ საქართველოს ველოდები რუსთაველზე, ყველა პარტიავ, უკლებლივ, მოიყვანეთ აქ თქვენი ხალხი
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ორგანიზატორებს შორის კარავში თათბირის შემდეგ ვითარება დაიძაბა. ამის მიზეზი ჯერ უცნობია.
თათბირის შემდეგ ტრიბუნასთან აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ აქცია გაგრძელდება ყველა შემთხვევაში, თუნდაც მარტო რომ მოუწიოს ამის გაკეთება.
„ეს აქცია გაგრძელდება ყველა შემთხვევაში, შეიძლება გავაგრძელო მარტო მე, მაგრამ ყველა შემთხვევაში გავაგრძელებ, მანამ, სანამ არ ჩამოიშლება ივანიშვილი საბოლოოდ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე, ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე. არ შევწყვეტ დაწყებულ საქმეს და გავაგრძელებ ბოლომდე მანამ, სანამ არ ჩამოვშლი სისტემას მთლიანად. აი, ეს არის ჩემი ძმა, ვინც იქნება ჩემს გვერდით“, – განაცხადა კუპრავამ, რის შემდეგაც გავიდა ტრიბუნიდან, თუმცა რამდენიმე წუთში მიკროფონთან კვლავ მივიდა და პოლიტიკურ პარტიებს ხვალ, რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
„ხვალ 18:00 საათზე მთელ საქართველოს ველოდები რუსთაველზე. ყველა პარტიას უკლებლივ, ველოდები 18:00 საათზე, მოიხმეთ თქვენი ხალხი, პარტიებო, დაუძახეთ თქვენს ხალხს ზუგდიდიდან, დაუძახეთ თქვენს ხალხს კახეთიდან, „ნაციონალურო მოძრაობავ“, ყველა პარტიავ, უკლებლივ ყველამ მოიყვანეთ აქ თქვენი ხალხი, დროულად დააყენეთ, თუ გინდათ ცვლილებები დროულად, თორემ თქვენც გაქრებით, თქვენც გაქრებით და ყველა გაქრება“, – განაცხადა კუპრავამ და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა.
კუპრავას შემდეგ, სიტყვით ზაზა სარალიძე გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ზვიად კუპრავას დაკავება იგეგმება.