ზვიად კორძაძე - არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია, ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან
ბრალდების ადრესატი ის კი არ არის, ვისგანაც გადმოგვეცა ეს წერილი, ბრალდების ადრესატია ის, ვისგანაც მოდიოდა ეს მუქარა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში შუამავალი არ არსებობდა.
„ვინ არსებობდა, ამას დაადგენს გამოძიება. წარდგენილი იქნება საბუთები და როგორც კი გამოძიება დაიწყება, რეალურად პირი, რომელმაც მოიტანა საბუთები, გამოცხადდება და მისცემს ჩვენებას. პირი მზად არის, მივიდეს და მისცეს ჩვენება. შუამავალს დავარქმევთ თუ რას, ეს გამოჩნდება. არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია. თუ დააკვირდებით, ყოველთვის ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან. ბრალდების ადრესატი ის კი არ არის, ვისგანაც გადმოგვეცა ეს წერილი, ბრალდების ადრესატია ის, ვისგანაც მოდიოდა ეს მუქარა. ეს არის გამოძების დასადგენი. გიორგი გახარია არის თუ არა ის პირი, რომელიც იყო უშუალოდ მუქარის ავტორი, თუ გიორგი გახარია არის ის პირი, რომელმაც წერილი გამოგვიგზავნა, ეს ჩვენი საქმე არ არის. მამუკა ამბობს, რაც იცის. წერილი მოვიდა უბრალოდ გიორგი გახარიასგან. შიშებს რაც შეეხება, შიშები არის მარტივი. რა თქმა უნდა, არის იმის შიში, რომ არ მოხდეს დედნის დაკარგვა, გაბნევა, რამე ისეთი არ დაემართოს დედანს. გიკვირთ მამუკას ეს შიში?! შიშები, რომელიც არსებობს, ობიექტურია, რადგან მამუკას მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული, დადგენილი კამპანია, რომლის შემადგენელი ნაწილია, მისი განცხადებით, ეს წერილიც“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.
ზვიად კორძაძემ დღეს მედიას ე.წ. მუქარის წერილის დედანი და მასზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი წარუდგინა.