მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს განახლდება
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, მტკიცებულება, რომელიც ფულის გათეთრების ბრალდებას დაადასტურებს, არ არსებობს. ადვოკატის თქმით, აღნიშნული სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშმაც დაადასტურა. მისი განცხადებით, სხდომების ასეთი ინტენსივობით ჩატარება გარკვეულ კითხვებს აჩენს, რადგან არასაპატიმრო საქმეზე მსგავსი პრეცედენტი სასამართლო პრაქტიკაში არ არსებობს.

„ჩვენთვის უცნობია დასაკითხი მოწმეების ვინაობა, ვინაიდან ბრალდების მხარეს მოჰყავს. რაოდენობა უცნობია. სავარაუდოდ სამი-ოთხი მოწმე, რომელსაც გამოვიკვლევთ და დავკითხავთ. დღემდე დაკითხული ბრალდების მოწმეებს არაფერი დაუდასტურებიათ. დარწმუნებული ვარ, იგივე გაგრძელდება დანარჩენ სხდომებზეც, რადგან არანაირი მტკიცებულება ფულის გათეთრების საქმეში არ არის. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშმა, რომელიც წარმოდგენილია სასამართლო მეგობრის მოსაზრების სახით. დღემდე არ ყოფილა ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არასაპატიმრო საქმეზე ასეთი ინტენსივობით სხდომების ჩანიშვნა. შესაბამისად ამან გამოიწვია კითხვები, თუ რატომ მოხდა მხოლოდ ამ შემთხვევაში, რადგან მოგეხსენებათ სასამართლო და მოსამართლეები ძალიან დატვირთულები არიან და ეს გარემოება კითხვებს აჩენს“, – განაცხადა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა.