ზვიად კორძაძე - ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს
ზვიად კორძაძე - ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს

ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დღეს სასამართლომ დაადასტურა, რომ არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია.

მისივე თქმით, სამართლებრივად საქმეში დაზარალებული არ არის და დღევანდელი განაჩენი იყო სახის შენარჩუნება ბრალდების მხარისთვის.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც სამი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს და ეს მოსამართლემ დღეს დაადასტურა. დღევანდელი განაჩენი იყო სახის შენარჩუნება ბრალდების მხარისთვის. უცნაურია, რომ სამართლებრივად საქმეში დაზარალებული არ არის. თაღლითობის მუხლს დაზარალებული სჭირდება. ვინც მოიაზრება დაზარალებულად, ის აცხადებს, რომ დაზარალებული არ არის. ამიტომ ეს განაჩენი ამ ფორმითაც კი თავს ვერ დაიკავებს ზემდგომ ინსტანციებში და საბოლოო ჯამში გამართლებით დამთავრდება. პირველი ეტაპი მოგებულია და რაც მთავარია, ამ საქმეში დადგენილია, რომ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს.

ზუსტად ამ ბრალდებით ტარდებოდა ის პრესკონფერენციები, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ერთად, პროკურატურა ყოველ ორ კვირაში გამოდიოდა და ფულის გათეთრებას იძახდა. როგორც სამი წლის წინ ვეუბნებოდით პროკურატურას, ფულის გათეთრება ვერ დადგინდებოდა, ასევე გპირდებით, რომ აქ არც თაღლითობა დაიკავებს თავს. უბრალოდ თაღლთობას ადგილი არ აქვს“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები ფულის გათეთრების მუხლიდან თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა, ისინი ამ მუხლით დამნაშავედ ცნო, საქმის ხანდაზმულობის გამო კი, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა.