ზვიად კორძაძე - ომბუდსმენის სასამართლოს მეგობრის დასკვნით, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში არავითარი „ფულის გათეთრება“ არ არის
ზვიად კორძაძე - ომბუდსმენის სასამართლოს მეგობრის დასკვნით, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში არავითარი „ფულის გათეთრება“ არ არის

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ჩაბარდათ, რომელშიც ნათქვამია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში „ფულის გათეთრება“ არ იკვეთება.

„ჩვენ ჩაგვბარდა საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელმაც თავიდან ბოლომდე შეისწავლა აღნიშნული საქმე. დასკვნა ასეთია: ზემოაღნიშნული არგუმენტაციით ნათლად ჩანს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდების დასაბუთება არ შეესაბამება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კონვენციურ შინაარსს, აგებულებებს და სპეციალურ მიზანს. რამდენიმე თვეა, სახალხო დამცველი სწავლობს ამ საქმეს და მისი დასკვნაც ის არის, რომ არავითარი „ფულის გათეთრება“ ამ საქმეში არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.