გიორგი გახარია ე.წ. მუქარის წერილზე - ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ [ვიდეო]

ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მამუკა ხაზრაძის ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

ჟურნალისტებმა პრემიერს კითხვა დაუსვეს, მამუკა ხაზარაძის ადვოკატ ზვიად კორძაძის მიერ წერილის დედანის პროკურატურაში წარდგენა შეცვლის თუ არა რამეს, რაზეც გიორგი გახარიამ განაცხადა:

„არ ვიცი უკვე, ამას როგორ ვუპასუხო. ისე ვითარდება ეს ყველაფერი, ერთხელ ვთქვი, რომ ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და მერე გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატებმა ე.წ. მუქარის წერილის დედანი დღეს პროკურატურაში უნდა წარადგინონ. ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით განცხადება მამუკა ხაზარაძემ მიმდინარე წლის მარტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.