ქართულ მეცნიერებას გამოყენებითი კვლევითი პროექტები და კერძო სექტორის დაკვეთა აკლია, ამიტომ აკადემიური წრეები ბიზნესთან თანამშრომლობის გზებს ეძებენ და იმედი აქვთ, რომ ამ კუთხით გაწეული საერთაშორისო დახმარება სწორ გზაზე გაიყვანთ, – ამის შესახებ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.
გადაცემაში რუსთაველის ფონდის მიერ წელს გამოცხადებული გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსი (ე.წ. CARYS) განიხილეს, რომელიც მსოფლიო ბანკის სამი მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ბიუჯეტით დაფინანსდება. აღნიშნული კონკურსი, ერთი მხრივ, ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობით ერთობლივი გამოყენებითი კვლევების განხორციელებას, მეორე მხრივ კი აკადემიურ და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების კომერციალიზაცია, რაც საქართველოს, პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელი გეგმური ეკონომიკის გავლენით, 30 წელია, აკლია.
„ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა. ეს გამოწვევა დაახლოებით 30 წელია, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში დგას. ზოგადად, საბჭოთა მეცნიერება, გეგმური ეკონომიკიდან გამომდინარე, სულ სხვა პრინციპებზე იყო აგებული. შესაბამისად, ეს პრობლემა, თუ როგორ შეიძლება, სამეცნიერო გამოყენებითი კვლევები კომერციულ პროექტებად გადავაქციოთ, დამოუკიდებლობის პერიოდის დადგომისთანავე გაჩნდა. ეს გამოწვევა 30 წლის შემდეგაც რჩება საქართველოში, რადგან ჩვენ ძირითად მიმართულებას ფუნდამენტური კვლევები წარმოადგენს. ეს გახლავთ თეორიული, ახალი ცოდნის აღმოჩენაზე ორიენტირებული კვლევები. რაც შეეხება პრობლემებზე ორიენტირებულ და მათ შორის კომერციულ პროექტებს – ასეთი ტიპის გამოცდილება საქართველოს არ აქვს. რუსთაველის ფონდს გამოყენებითი კვლევების კომპონენტი აქამდეც ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ფუნდამენტური კვლევების გაგრძელება მივიღეთ. ანუ მეცნიერება შედეგებზე ორიენტირებულ მეცნიერებაში ვერ გადავიდა“, – განმარტა ზვიად გაბისონიამ.
რუსთაველის ფონდის დირექტორის მოსაზრებით, ქართულ სამეცნიერო დარგს კერძო სექტორის დაკვეთა და ზოგადად, სახელმწიფოს, მეცნიერებასა და ბიზნესს შორის კოორდინაცია აკლია, რაც სამეცნიერო კვლევებს უკეთ დააკვალიანებდა.
„მსოფლიოს მეცნიერება ციკლური პრინციპით ვითარდება. ანუ როდესაც სახელმწიფო სამეცნიერო პროექტებს აფინანსებს, მას ბიზნესში უკუეფექტი სჭირდება, თუნდაც ირიბი უკუეფექტი. მაგალითად, ჩვენს ქვეყნას ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს, რაშიც მილიონებს და ხშირად მილიარდსაც ვხარჯავთ. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სამცნიერო-კვლევითი კომპონენტი. ჩვენ გვაქვს წყვეტა, როდესაც კომპანიებს მეცნიერებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ. შესაბამისად, მეცნიერება ვერ იღებს კარგი გაგებით პირდაპირ დაკვეთას, რა მიმართულებით უნდა ვაწარმოოთ კვლევა. სახელმწიფო რუსთაველის ფონდის მეშვეობით აცხადებს კვლევით პროექტებს, სადაც დაკვეთა არ არის. ანუ ჩვენ ვაცხადებთ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, მეცნიერებმა კონკურსში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ ეს გუშინდელი დღეა“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
რუსთაველის ფონდის დირექტორის განმარტებით, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერა, რაც ფაქტობრივად სამჯერ მეტია, ვიდრე ფონდს აქამდე კონკურსებზე დაუხარჯავს, მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის დამყარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„დაახლოებით ერთი თვის წინ რუსთაველის ფონდმა ბიზნესასოციაციასთან გააფორმა ხელშეკრულება. ახლა საპარტნიორო ფონდთანაც ვმუშაობთ. იდეა ის არის, რომ ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობა გვინდა. რუსთაველის ფონდს შეუძლია, სამცნიერო-კვლევითი პროექტი დააფინანსოს, მაგრამ იმის იქით გაგრძელება არ ხდება. შუაში არის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციების სააგენტოს კომპონენტი ანუ ტექნოლოგიური პარკი, რომელიც დამწყებ ბიზნესს, ე.წ. სტარტაპებს უჭერს მხარს. მაგრამ ჩვენ შეკრული პროექტი გვჭირდება, მოდელი, როდესაც რუსთაველის ფონდი დაიწყებს მეცნიერების დაფინანსებას, შემდეგ გადავა ტექნოლოგიურ პარკში იგივე პროტოტიპებისა და სტარტაპების დაფინანსების ნაწილში და აი ,შემდეგ ბიზნესის დაფინანსება გვჭირდება. ასეთ მოდელზე გადასვლა, ჩემი აზრით, მომავალ წელს შესაძლებელი იქნება. მსოფლიო ბანკის პროექტი საშუალებას მოგვცემს, რომ ყველა შესაძლო ნაკლოვანება გამოვავლინოთ, რაც ბიზნესტრანსფერის ნაწილში შეიძლება, გაჩნდეს, რისი გამოცდილებაც ჩვენ არ გვაქვს“,- განმარტა ზვიად გაბისონიამ.
გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, სამეცნიერო პროექტებსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის მოგვარებაში ქართველებს ევროპული ფონდებიც დაეხმარებიან.
„ჩვენ ევროკავშირს ვთხოვეთ, გამოეცხადებინა პროექტი, რომლის ბენეფიციარიც რუსთაველის ფონდია. ჩვენ გვჭირდება, რომ შესაბამისმა ევროპულმა ფონდებმა გვასწავლონ, როგორ ხდება სამეცნიერო კვლევის კომერციალიზაცია – ანუ ტექნო და კომერციულ ტრანსფერებზე გადასვლა. ჩვენი მოლოდინია, რომ ცნობილი ევროპული ფონდები ჩაერთვებიან და ორი-სამი წლის განმავლობაში მრჩევლის სტატუსით რუსთაველის ფონდს კონსულტაციებს გაუწევენ, რომ კონკრეტულ პროექტებზე გადავიდეთ და კონკრეტული ტექნოტრანსფერები მივიღოთ“, – განუცხადა რუსთაველის ფონდის დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“.