ზვიად ძიძიგური - ნარკოპოლიტიკის მიმართულებით საქართველოში ჰოლანდია არ უნდა გავაკეთოთ, რადგან ჩვენი ტრადიციისა და კულტურისთვის შესაფერი არ არის
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მხარს ისევ არ უჭერს და მიიჩნევს, რომ ქართული გენოფონდისთვის მსგავსი მიდგომა დამღუპველი იქნება.
როგორც ჟურნალისტებს ძიძიგურმა განუცხადა, ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებლები არ უნდა გაამრავლონ.
„ვინც ნარკოტიკებს უკვე მოიხმარს და ასეთი უბედურება გვჭირს, ეს ამბავი გასაგებია, მაგრამ ახალი ადამიანები არ უნდა წავახალისოთ, მით უმეტეს, ახალგაზრდობა, რომ ნარკოტიკების მოხმარება გაიზარდოს. საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს იმ მიმართულებით, რომელსაც ხშირად ნარკოლიბერალიზაციის მიმართულებით ვისმენთ. მიმაჩნია, რომ სააკაშვილის პერიოდთან შედარებით, დღეს საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ ძალიან ლიბერალური მიდგომაა. აქედან გამომდინარე, ვინმემ რომ მოინდომოს და საქართველოში ჰოლანდია გააკეთოს, ეს სწორი არ არის. ეს ჩვენი ტრადიციისა და კულტურისთვის შესაფერი არ არის. პატარა ერი ვართ და ეს მიდგომა პატარა გენოფონდისთვის დამღუპველი იქნება. ყველა ამბობს, რომ ნარკოტიკების მოხმარების გაზრდის წინააღმდეგია, მაგრამ „ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს“. უმრავლესობის ბევრ წევრს პოზიცია აქვს, რომ ჩვენს შვილებს ისეთი პირობები არ უნდა შევუქმნათ, რომ გინდა თუ არა, ნარკოტიკი მიიღონ, თორემ სხვაგვარად შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდნენ. ჯანსაღი ცხოვრების რეკლამირება უნდა მიდიოდეს და არა იმის ჩვენება, ნარკომანები რა კარგი ადამიანები არიან”, – განაცხადა ძიძიგურმა.
საკანონმდებლო ორგანოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საპარლამენტო განხილვაც ჯერ არ დაწყებულა.