ზურაბ სიხარულიძე - საქართველოს შავ ბაზარზე არსებული ნარკოტიკებიდან კლუბურ ნარკოტიკს არც ერთი მიეკუთვნება, ყველა კუსტარულადაა დამზადებული
ზიანი ნებისმიერ ნარკოტიკს, მათ შორის, კლუბურ ნარკოტიკისაც მოაქვს, რადგან ის ადამიანის ფსიქიკას და განწყობას ცვლის, მაგრამ ნარკოტიკის ზიანი ზედოზირებით, მომხმარებელთა რაოდენობითა და სიკვდილიანობით განისაზღვრება, – ამის შესახებ ნარკოლოგმა, ზურაბ სიხარულიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. კლუბურ ნარკოტიკს შედარებით ნაკლები ზიანი მოაქვს.
„ე.წ. კლუბური ნარკოტიკის შემთხვევაში ზედოზირების ნიშნები და სიკვდილიანობა ნაკლებია. მას ადამიანები გარკვეულ სივრცეებში გართობის მიზნით იღებენ, რაც მათ კომპლექსებს, მუხრუჭს უხსნის. ამასთან, ისინი ნარკოტიკს ალკოჰოლს ამატებენ, რაც უფრო მძიმე შედეგების გამომწვევია“, – განაცხადა სიხარულიძემ.
მისი თქმით, საქართველოს შავ ბაზარზე არსებული ნარკოტიკებიდან კლუბურ ნარკოტიკს არც ერთი არ მიეკუთვნება, რადგან ყველა კუსტარულადაა დამზადებული და შემოტანილი.
„არავინ იცის, ესენი რა შემადგენლობისა და ტიპის ნარკოტიკებია და რა ზიანი მოაქვს. დილერის ეფექტი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ადამიანი, რომელიც ასეთი ტიპის ნარკოტიკს მიიღებს, აღგზნებული იყოს, მისმა ფიზიკურმა აქტივობამ მოიმატოს და აღქმა გაძლიერდეს“, – განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.