ზურაბ სიხარულიძე - 2006 წლიდან დღემდე ქვეყანაში ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკა არსებობს, მაგრამ ამან არანაირი შედეგი არ მოიტანა
ვიცი, რომ შსს უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ ყველა ნივთიერებას ექსპერტიზას უტარებს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია არც ნარკოლოგებს გვაქვს, არც სასწრაფოს ექიმებს, არც ტოქსიკოლოგებს, არც ემერჯენსის ექიმებს და არც იმ სივრცეების მეპატრონეებს, სადაც შესაძლებელია, ნარკოტიკის მოხმარება მოხდეს, – ამის შესახებ ნარკოლოგმა, ზურაბ სიხარულიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ ინფორმაცია მხოლოდ მომხმარებლისგან გვაქვს. ანუ, მომხმარებელი მოდის და ამბობს, რომ ესა თუ ის ნივთიერება მოიხმარა, მაგრამ ეს სიმართლეს რამდენად შეესაბამება, კაცმა არ იცის. შსს-ს მიერ რა ნივთიერებები იყო ამოღებული, ამის შესახებ მაშინ ვიგებთ, როცა ოფიციალური ინფორმაცია იდება, რომ ეს და ეს ნივთიერება განადგურდა. შესაძლოა, ჩვენ ვაშავებთ, როცა ინფორმაციის გამოთხოვას არ ვახდენთ, მაგრამ ამოღებული ნივთიერებების შესახებ შსს-დან ინფორმაცია არასდროს მქონია“, – განაცხადა სიხარულიძემ.
მისი თქმით, საქართველოში ყველა რგოლი ცალ-ცალკე მუშაობს და მათ შორის არანაირი უკუკავშირი არ არსებობს.
„30 წელიწადია ამ დარგში ვარ და არ მახსოვს, რამე შეხვედრა ყოფილიყო, სადაც დაგვიძახებდნენ და გვეტყოდნენ, რომ შავ ბაზარზე ასეთი და ასეთი ნივთიერებებია და მოდით ვიმსჯელოთ, რა როგორ გავაკეთოთო“, – განაცხადა სიხარულიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო კვლევების მიხედვით, ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებული ადამიანების 89% მოხმარებას გათავისუფლებიდან პირველივე წელს უბრუნდება და ინექციური პრობლემური მომხმარებლების რაოდენობა 2010 წლიდან დღემდე ათი ათასით გაიზარდა, რამდენად გამოიწვევს ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, ზურაბ სიხარულიძემ განაცხადა, რომ 2006 წლიდან დღემდე ქვეყანაში ყველაზე მკაცრი პოლიტიკა არსებობს, მაგრამ ამან არანაირი შედეგი არ მოიტანა. მისივე თქმით, არ შეიძლება, პრობლემას ფრაგმენტულად ვუყუროთ და მისი გადაწყვეტა კომპლექსურად, კანონის შეცვლით, პრევენციით, ზრუნვით და მოთხოვნის შემცირებით უნდა მოხდეს.