ზურაბ ნოღაიდელი - უშიშროების საბჭოს სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარემ განუმარტა, რომ, ყველა დოკუმენტის მიხედვით, სადავო ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა, საბჭოზე გადაწყვეტილებას მხოლოდ პრეზიდენტი იღებდა
ზურაბ ნოღაიდელი - უშიშროების საბჭოს სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარემ განუმარტა, რომ, ყველა დოკუმენტის მიხედვით, სადავო ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა, საბჭოზე გადაწყვეტილებას მხოლოდ პრეზიდენტი იღებდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დავით გარეჯის საქმეზე იკითხება.

ზურაბ ნოღაიდელმა გაიხსენა, როგორ მოხდა 2005 წელს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დავით გარეჯის საკითხის განხილვა.

ნოღაიდელის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მალხაზ მიქელაძე, რომელიც იყო სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე, ამტკიცებდა, რომ გარეჯის ის მონაკვეთი, რომელზეც დავა მიმდინარეობს, არის აზერბაიჯანის მხარეს.

როგორც ნოღაიდელმა თქვა, იყო კატეგორიული მტკიცება, რომ ტერიტორიები, მათ შორის ქართული მონასტრები, მათ შორის ჩიჩხიტურის მონასტერი აზერბაიჯანის იურისდიქციას განეკუთვნებოდა.

ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, მთავარი პირი იმ პერიოდში იყო საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უშიშროების საბჭოზე საკითხები არ მიიღებოდა სააკაშვილის გარეშე.

„2005 წელს საკითხი იქნა განხილული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩემი თანდასწრებით. შესაბამისად, იქ დაისვა საკითხი, რომ დავით გარეჯის ის ნაწილები, რომელზეც აქ მიმდინარეობს საუბარი, არის შანსი თუ არა, რომ იყოს საქართველოს შემადგენლობში. კომისიის თავმჯდომარემ უშიშროების საბჭოს მაშინ მისცა განმარტება, რომ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საბუთის, დოკუმენტის და რუკის მიხედვით, ნებისმიერ შემთხვევაში ეს რჩება აზერბაიჯანის მხარეს. მალხაზ მიქელაძე იყო თავმჯდომარე. ჩვენი ამოცანა გახდა, რომ მონასტერი შენარჩუნებულიყო როგორც ქართული მონასტერი, ეს იყო ჩვენს წინაშე დაყენებული ფაქტობრივი ამოცანა. უშიშროების საბჭოს მართავდა მაშინდელი პრეზიდენტი, ეს იყო მისი უფლებამოსილება, პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილებას მხოლოდ პრეზიდენტი იღებდა“, – განაცხადა ნოღაიდელმა.

პროკურორის კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა ეს საკითხი მთავრობის ფორმატში, ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ არ განხილულა.

„ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია, მე ამ საკითხს არ ვიხილავდი. ამ საკითხის ჩემთან შეთანხმება არც საჭირო იყო და არც სავალდებულო. ეს იყო პრეზიდენტის კომპეტენცია“, – განაცხადა ნოღაიდელმა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მელაშვილი და ილიჩოვა მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.