ზურაბ ჯაფარიძე - კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია, როცა რეჟიმს ებრძვი, როგორ მოხდება კონსოლიდაცია, ამის ფორმულა ჯერ არ ჩანს, თუმცა აქეთ წავა პროცესები
ნებისმიერ შემთხვევაში, კონსოლიდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ებრძვი ასეთი ტიპის რეჟიმს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.
შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ოპოზიციის გაერთიანება და ოპოზიციური გაერთიანების საერთო ხმებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ხმების გადაწონვა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პასუხობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.
„მე მგონი, მაგაზე ძალიან ადრეა საუბარი, მოვა მაგის დრო. ნებისმიერ შემთხვევაში, მგონია, რომ კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი. რა ტიპით მოხდება ეს კონსოლიდაცია, ამის ფორმულა ჯერ არ ჩანს, მაგრამ აქეთ წავა პროცესები. ვფიქრობ, კონსოლიდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ებრძვი ასეთი ტიპის რეჟიმს. რესურსები ძალიან მწირია – ყველას უჭირს, არავის ფული არ აქვს, არავის რესურსი არ გააჩნია. მათ შორის, კოორდინაცია, თუნდაც დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატების რაიმე ფორმულა თუ ვაჩვენეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, ეს იყო მარტის დასაწყისის მოვლენები, როცა კონსოლიდირებული იყო მთელი პოლიტიკური სპექტრი, მთელი სამოქალაქო სექტორი და, ჯამში, მთელი საზოგადოება. მაგაზე უკეთესი წარმატების ფორმულა ჯერ არ დაგვიდია“, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.