ზურაბ აზარაშვილი - წამლების ხარისხის კონტროლის მიზნით, წელს საქართველოში წამლის ლაბორატორია შეიქმნება
ზურაბ აზარაშვილი - წამლების ხარისხის კონტროლის მიზნით, წელს საქართველოში წამლის ლაბორატორია შეიქმნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, როგორც მინისტრი ამბობს, ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის მიზნით, იმპორტიორებისთვის სავალდებულო ხდება ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.

„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი ეხება იმპორტიორებისთვის აუცილებელი წესით GMP-ის სერტიფიკატის მოთხოვნას. როგორც გახსოვთ, პირველი იანვრიდან ამოქმედდა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მიმდინარე წლის განმავლობაში ამ სერტიფიკატზე გადასვლის აუცილებლობა. თანაბარ პირობებში რომ ყოფილიყო როგორც მედიკამენტის ადგილობრივი მწარმოებელი, ისე იმპორტიორი, ჩვენ დაჩქარებული წესით შეგვაქვს კანონში ცვლილება და იმპორტიორებს ვთხოვთ GMP-ის სერტიფიკატს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, წამლის ხარისხის კონტროლის მიზნით მიმდინარე წელს საქართველოში წამლის ლაბორატორია შეიქმნება.

„უფრო კარგად და ხარისხიანად რომ ვაკონტროლოთ როგორც იმპორტირებული, ისე ადგილზე წარმოებული წამლის ხარისხი, ჩვენ მიმდინარე წელს საქართველოში შევქმნით წამლის ლაბორატორიას. ამისთვის ბიუჯეტიდან ექვს მილიონამდე თანხა უკვე გამოყოფილია და პროცესი დაწყებული გვაქვს, რათა უმოკლეს ვადაში მოვაწყოთ ლაბორატორია.

აქვე, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ინფექციური საავადმყოფოს ახალ ლოკაციაზე გადაყვანას და იმ ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნული გადაწყვეტილებაც დაჩქარებულად იქნა მიღებული, ვინაიდან მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მიცემული გვაქვს პირობა როგორც მოიჯარისთვის, ისე ინფექციური საავადმყოფოს მენეჯმენტისთვის, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ახალ ლოკაციაზე გადავიყვანთ მათ. შედეგად საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტის მქონე კლინიკა გვექნება“, – განაცხადა აზარაშვილმა.