ჯანდაცვის სამინისტრო - თურქეთის ბაზრის გახსნიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეებმა წამლებში 43 მილიონი ლარი დაზოგეს
ჯანდაცვის სამინისტრო - თურქეთის ბაზრის გახსნიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეებმა წამლებში 43 მილიონი ლარი დაზოგეს

ჯანდაცვის სამინისტრომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაყიდვების მაჩვენებელი შეისწავლა. შედეგად გამოიკვეთა, რომ ფარმაცევტული ბაზრის გახსნიდან დღემდე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 125 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 62 მილიონის ლარის ნაცვლად, დაახლოებით 19 მილიონი ლარი გადაიხადა.  შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებმა წამლებში 43 მილიონ ლარამდე დაზოგეს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აღნიშნავს, რომ თურქული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი საგრძნობლად დაბალ ფასადაა ხელმისაწვდომი.

„საშუალოდ, როდესაც ძველი ფასებით მომხმარებელი ფარმაცევტულ პროდუქტში თვეში იხდიდა 200 ლარს, დღევანდელი მონაცემებით, მას იმავე მედიკამენტების შეძენა დაახლოებით 60 ლარი უჯდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული რეფორმის შედეგად, ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს. ეს გამოიხატება წამლის ფასების 60-80 პროცენტამდე შემცირებაში. იმპორტირებული თურქული მედიკამენტების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და აღნიშნული შეღავათი უფრო მეტ მოქალაქეზე აისახება“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.