ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ლაბორატორია „აგროლაბი“ გაიხსნა
ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ლაბორატორია „აგროლაბი“ გაიხსნა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოში ლაბორატორია „აგროლაბისა“ და სატელიტური პლატფორმის პრეზენტაცია იმართება. შეხვედრას ესწრებიან ფერმერები, მთავრობის, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, „აგროლაბი“ არის პირველი ქართული მულტიპროფილური, მოლეკულური ლაბორატორია, რომელიც აერთიანებს სურსათის უვნებლობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვით სფეროებს.

„ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მულტიპროფილური მოლეკულური ლაბორატორიის მომსახურებით ფერმერები და აგროსექტორში ჩართული ბიზნესები შეძლებენ, სიზუსტისა და მაღალი ხარისხის გარანტიით მიიღონ სრული კვლევები: სურსათის უვნებლობაზე, ვეტერინარიაზე, მცენარეთა დაცვაზე, ღვინოზე, გარემოს დაცვაზე, ნიადაგსა და წყალზე.

სატელიტურ სისტემაზე დაფუძნებული მაღალი სიზუსტის სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების დახმარებით კი, ფერმერები შეძლებენ საკუთარ მეურნეობებში წარმოებული პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებასა და ფერმერული საქმიანობის გაძლიერებას.

EOS Crop Monitoring პლატფორმაზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციას ექნება პროფესიული გამოწერის პაკეტი, რომელსაც სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს. ასოციაციის მხრიდან მომსახურების ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციების მიწოდება და ფერმერთა ტექნოლოგიური ცოდნის განვითარება.

ორი ინოვაციური მომსახურების დანერგვით ფერმერები დროის დაზოგვით მიიღებენ მაღალი ხარისხის პროდუქტს, რაც არსებულ ბაზარს კონკურენტუნარიანს გახდის“, – აღნიშნულია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციაში.