კომპანია „გეფა“ - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთ მედიკამენტზე, მათ შორის ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ხელოვნური დეფიციტი არ შექმნილა
კომპანია „გეფა“ - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთ მედიკამენტზე, მათ შორის ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ხელოვნური დეფიციტი არ შექმნილა

ფარმაცევტული კომპანია „გეფა“ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, არცერთ მედიკამენტზე, მათ შორის არც ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატ „დეპაკინ ხრონოზე“ ხელოვნური დეფიციტი არ შექმნილა.

კომპანიის განმარტებით, რეალობას არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს კომპანიას მედიკამენტი აქვს მარაგში და რეალიზაციას მიზანმიმართულად არ ანხორციელებს.

„ვეხმაურებით დღეს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას პრეპარატ „დეპაკინი ხრონოს“ შესაძლო ხელოვნური დეფიციტის შექმნის თაობაზე. კომპანია „გეფა“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არცერთ მედიკამენტზე, მათ შორის არც ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატ „დეპაკინ ხრონოზე“, ხელოვნური დეფიციტი არ შექმნილა. ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატ „დეპაკინ ხრონოს“ საქართველოს ბაზარზე მოქმედ ყველა მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას აწვდის მწარმოებელი „სანოფი ავენტისი“. მიმდინარე წელს კომპანია მიერ განთავსებული შეკვეთებიდან, მწარმოებელი გვაწვდიდა შეკვეთილი რაოდენობის დაახლოებით 50%-ს, რამაც გამოიწვია აღნიშნული მედიკამენტის დროებითი დეფიციტი.

ივლისის თვეში შეკვეთილი რაოდენობის მხოლოდ 10%-ის მოწოდება გვაქვს დადასტურებული, რაც გარდაუვლად გამოიწვევს აღნიშნული მედიკამენტების დეფიციტს მომდევნო თვეში. მწარმოებელ კომპანია „სანოფი ავენტისიდან“ პრეპარატ „დეპაკინი ხრონოს“ სამივე რეგისტრირებული ფორმა კომპანიამ საწყობში მიიღო 12 ივლისს. მანამდე, 11 ივლისის მდგომარეობით, „დეპაკინ ხრონოს“ სამივე ფორმის ხელმისაწვდომი რაოდენობა სრულად გადანაწილებული იყო სააფთიაქო ქსელში. ასევე, 12 ივლისს საწყობში მიღებული პროდუქცია, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 18 ივლისს სრულად მიეწოდა სააფთიაქო ქსელს ქვეყნის მასშტაბით. ანუ, 18 ივლისიდან მოყოლებული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ზემოთ აღნიშნული მედიკამენტები.

რაც შეეხება „დეპაკინ ხრონოს“ საბავშვო ფორმას (დეპაკინი სიროფი 57.64მგ/1მლ 150მლ ფლაკონი #1), აღნიშნულ მედიკამენტზე დეფიციტი არ ფიქსირდება და არც დაფიქსირებულა, შესაბამისად, სააფთიაქო ქსელში რეალიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. რაც შეეხება კომპანიის მარაგების შესახებ მარეგულირებლისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, განვმარტავთ, რომ სინქრონიზაციის პროცესი სრულად არ არის გამართული და აქტიურად ვემუშავებით ჯანდაცვის სამინისტროს ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული მიზეზით არის გამოწვეული ცდომილება რეალურ მარაგებსა და მარეგულირებლის პროგრამაში არსებულ რაოდენობას შორის. გვინდა, განვმარტოთ, რომ ინფორმაცია, თითქოს კომპანიას მედიკამენტი აქვს მარაგში და მიზანმიმართულად არ ანხორციელებს რეალიზაციას, რეალობას არ შეესაბამება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ რამდენიმე დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა. მათივე ცნობით, რეგულირების სააგენტომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა.