ზურაბ აზარაშვილი - აქტიურად ვმუშაობთ რეფერენტული ფასების შემოღებაზე, თუ ზოგიერთი წამალი ღირს 10 ლარი და იგივე წამალი, ოღონდ სხვა დასახელებით, ასჯერ ძვირად იყიდება, ასეთი რამ აღარ იქნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ე.წ. რეფერენტული ფასების შემოღებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც აზარაშვილმა განმარტა, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მედიკამენტებზე სამართლიანი ფასების არსებობაა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მედიკამენტებზე მკაცრად განსაზღვრული ფასი იქნება.
„რეფერენტულ ფასებს რაც შეეხება, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, ქვეყანაში იყოს სამართლიანი ფასები მედიკამენტებზე და ეს ფასები გამომდინარეობდეს მედიკამენტის არა ხელოვნურად შექმნილი მოთხოვნიდან, არამედ იქიდან, სხვა ქვეყნებში როგორ განისაზღვრება ამ მედიკამენტების ფასები და რეალურად, პაციენტი, მომხმარებელი თუ სახელმწიფო იხდიდეს იმდენს, რამდენიც შეესაბამება ბაზარზე ამ მედიკამენტის ფასს.
რეფერენტული ფასების პროექტის ფარგლებში დავადგენთ რეფერენტულ ქვეყნებს. ეს ქვეყანა შეიძლება, იყოს 5-10-15 ქვეყანა. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა ამას იყენებს. ჩვენი მეზობლებიც იყენებენ და ეს არის კარგი პრაქტიკა ფასწარმოქმნისთვის. ჩვენ შერჩეული ქვეყნებიდან დავადგენთ საორიენტაციო მინიმალურ ფასს, რომელსაც დაემატება სამართლიანი მარჟა დისტრიბუციისთვის საქართველომდე, აფთიაქამდე. ამის შემდეგ დაემატება საცალო მარჟა, რასაც ჩვენ განვუსაზღვრავთ. მარჟისა და საწყისი ფასის პირობებში, რაც გამოვა მაქსიმალური ფასი კონკრეტულ აქტიურ ნივთიერებაზე, იმის დაწესება შეეძლება აფთიაქს. უფრო ძვირად ისინი ვერ გაყიდიან. მაგალითად, თუ ზოგიერთი წამალი ღირს პირობითად, 10 ლარი და ზუსტად იგივე წამალი, იგივე აქტიური ნივთიერებით და ხარისხით, ოღონდ სხვა დასახელებით იყიდება ასჯერ ძვირად, ასეთი რაღაც აღარ იქნება. მკაცრად განსაზღვრული ფასი იარსებებს, რომელშიც შესული იქნება როგორც დისტრიბუციის მარჟა და მოგება, ასევე საცალო ქსელის მარჟა და მოგება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.