ზურაბ აზარაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას და საჭიროებებს გაეცნო
ზურაბ აზარაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას და საჭიროებებს გაეცნო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ცენტრალურ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობას და საჭიროებებს გაეცნო.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ხარისხიანი და ეფექტური სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით, დმანისის საავადმყოფოს განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკას სრულიად ახალი და თანამედროვე რენტგენის აპარატურა უკვე გადასცა. იგეგმება კლინიკის ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვა.

ზურაბ აზარაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს ამბულატორიაშიც იმყოფებოდა, სადაც ტელემედიცინის პროგრამას გაეცნო. პროექტი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. ტელემედიცინის პორტატიული აპარატი უკვე 27 სოფლის ამბულატორიაშია დამონტაჟებული, წლის ბოლომდე კი პროექტი, ქვეყნის მასშტაბით, 50 ამბულატორიაში ამოქმედდება“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ზურაბ აზარაშვილთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ენუქიძე, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი გიორგი აბაიაძე და სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი – მინდია ღლონტი იმყოფებოდნენ. სამედიცინო დაწესებულებები, მათთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილმა დაათვალიერეს.