ეროვნული მუზეუმი - დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა სახლში წაიღო და ტანსაცმლის კარადაში ინახავდა
ეროვნული მუზეუმი - დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა სახლში წაიღო და ტანსაცმლის კარადაში ინახავდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ოროზმანის არქეოლოგიურ გათხრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოქმედმა თანამშრომელმა, ​ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, ოროზმანიდან წამოიღო ისე, რომ არავითარი დოკუმენტი ამის შესახებ არ გაფორმებულა, მასალა მუზეუმში წარმოდგენილი არ ყოფილა და მან კბილი წაიღო სახლში, სადაც საკუთარი ინიციატივით ინახავდა ტანსაცმლის კარადაში მოთავსებულ ჩანთაში.

„2022 წლის პირველ ივლისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გასცა ნებართვა ოროზმანში არქეოლოგიური გათხრების განხორციელების თაობაზე. თუმცა, 2022 წლის 20 სექტემბრამდე, არც სააგენტოს და არც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს არავითარი ოფიციალური ცნობა არ მიუღია გათხრების მიმდინარეობის ან მათი შედეგების შესახებ და არც განათხარი მასალა ყოფილა წარმოდგენილი.

ვინაიდან ცნობილი იყო ოროზმანში მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ (ინფორმაცია ვრცელდებოდა მედიასაშუალებებითაც) და ჩაითვალა, რომ არსებობდა მასალის დაკარგვის რისკი, 2022 წლის 19 სექტემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც გათხრებზე ნებართვის გამცემმა ორგანომ, შექმნილი ვითარების შესახებ შეატყობინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გენერალურ ინსპექციას.

20 სექტემბერს, გენერალური ინსპექციის მიერ თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შენობაში, გამოკითხულ იქნა ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი (საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოქმედი თანამშრომელი), რომელმაც აღიარა, რომ ოროზმანის გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი ოროზმანიდან იქნა წამოღებული ისე, რომ არავითარი დოკუმენტი ამის შესახებ არ გაფორმებულა, მასალა მუზეუმში წარმოდგენილი არ ყოფილა და ის მას ჰქონდა წაღებული სახლში, სადაც ინახავდა ტანსაცმლის კარადაში საკუთარი ინიციატივით, რადგან „ნივთს ჰქონდა სამეცნიერო ღირებულება“. მან ამის შესახებ თავად შეადგინა ახსნა-განმარტება და ხელმოწერით დაადასტურა ფაქტი.

იმავე დღეს, ეროვნული მუზეუმის მოცემული თანამშრომლის მონაწილეობით, მისივე ბინაში, კულტურული მემკვიდრეობის გენერალური ინსპექციის მიერ ამოღებულ იქნა უძველესი ადამიანის კბილი ტანსაცმლის კარადაში განთავსებული ჩანთიდან. ჩანთაში მოთავსებული პაკეტი გაიხსნა თანამშრომლის თანდასწრებით, შედგა შესაბამისი ოქმი, დაილუქა ხელახლა იმავე პირის მონაწილეობით, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა ყოველივე.

ამოღებული მასალა (კბილი), დალუქულ მდგომარეობაში და კანონით დადგენილი წესით, 20 სექტემბერს ჩაბარდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მასალების მომზადება შესაბამისი მსვლელობის მისაცემად, მათ შორის, საქართველოს პროკურატურაში გადასაგზავნად.

ამასთან, გამოირკვა, რომ კბილთან ერთად აღმოჩენილი სხვა ნივთები, რომლებიც როგორც თავისთავად, ისე კბილის დასათარიღებლად უმნიშვნელოვანესია, ყოველგვარი დოკუმენტაციის გაფორმებისა და მასალის სრულყოფილი აღწერის გარეშე, ოროზმანიდან ასევე გადმოტანილ იქნა (თარიღი უცნობია) თბილისში და არაოფიციალურად დასაწყობდა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ ყოფილ შენობაში, რომელიც ავარიულია და სადაც არც ერთი ოთახი დაცული არ არის. 20 სექტემბერს, მოცემული მასალა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გენერალური ინსპექციის მიერ, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მონაწილეობით აღიწერა, შეიფუთა, დაინომრა, დასურათდა და ჩაბარდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს კანონით დადგენილი წესით“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

შეგახსენებთ, უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი დმანისის სოფელ ოროზმანთან აღმოაჩინეს. საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ოროზმანი 1.8 მლნ წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია საქართველოში.

„ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები. ოროზმანის აღმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობისაა და აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული (Homo)-ს უძველესი გავრცელების კერას წარმოადგენს“,  – ნათქვამია არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრის ინფორმაციაში.

ამასთან, კბილის აღმოჩენის შესახებ საერთაშორისო სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით გამოცემა „გარდიანმა“ დაწერა. მედიის ცნობით, არქეოლოგები აცხადებენ, რომ აღმოჩენა ამყარებს რეგიონის, როგორც ევროპაში ყველაზე ადრეული პრეისტორიული დასახლების ადგილის სტატუსს.