დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ციმბირის წყლულის შემთხვევები გამოვლინდა
დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ციმბირის წყლულის შემთხვევები გამოვლინდა

ქვემო ქართლში ჯილეხის (ციმბირის წყლულის) გამოვლენის გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა სამმართველომ მიიღო ინფორმაცია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახში ორი სული მსხვილფეხა პირუტყვის დაცემის შესახებ. სააგენტოს ვეტერინარები მყისიერად გავიდნენ ადგილზე, აიღეს პათოლოგიური მასალა და გამოიკვლიეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაავადება ჯილეხი დადასტურდა“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, სააგენტოს ვეტერინარულმა სამსახურმა პირუტყვის დაცემის ადგილებზე განახორციელა კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ შესაბამისად, დაცემული პირუტყვი დაიწვა და დაიმარხა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, მიმდებარე პერიმეტრზე მიმდინარეობს ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია. ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, ზემო კარაბულახის ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს საკარანტინო ტერიტორიაზე პირუტყვის გადაადგილების, ცხოველების ბაზრობების მოწყობის, ცხოველებისგან მიღებული ნაწარმის მოხმარებისა და რეალიზაციის შეზღუდვას.

„ჯილეხი (ციმბირის წყლული) – ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. საქართველოში რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ნიადაგობრივი კერა. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა ან გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ. აქედან გამომდინარე, დაავადების შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი უწყებების ინფორმირება უმნიშვნელოვანესია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ჯილეხის საწინააღმდეგოდ ყოველწლიურად მილიონამდე ცხოველს ცრიან“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.