დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ საგარეჯოში მოკლულ არასრულწლოვანთან დაკავშირებით სკოლამ კანონის შესაბამისი ზომებით იმოქმედა
დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ საგარეჯოში მოკლულ არასრულწლოვანთან დაკავშირებით სკოლამ კანონის შესაბამისი ზომებით იმოქმედა

დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოკლულ არასრულწლოვანთან დაკავშირებით სკოლამ კანონის შესაბამისი ზომებით იმოქმედა.

როგორც რესურსცენტრის უფროსმა, მაია ხმალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სკოლამ მშობელი გააფრთხილა, რომ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდებოდა, თუ სკოლაში არ გამოცხადდებოდა. მისივე თქმით, მშობელმა სკოლის ადმინისტრაციას უთხრა, რომ მოსწავლე სკოლაში ორ დღეში გამოცხადდებოდა.

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ სასკოლო საზოგადოებას. სკოლამ განახორციელა კანონის შესაბამისი ზომები, მოიკითხა ბავშვი, რატომ არ დადიოდა სკოლაში, მშობელი ჩააყენა საქმის კურსში, რომ სტატუსი შეუჩერდებოდა, თუ სკოლაში არ გამოცხადდებოდა. მშობელმა გვითხრა, რომ ბავშვი გარდაბანში სტუმრად იყო წასული და სკოლაში ორ დღეში დაბრუნდებოდა. ბავშვს სკოლაში ორ დღეში ველოდებოდით. მშობელმა პირობა მოგვცა, რომ ბავშვს სკოლაში აუცილებლად დააბრუნებდა“, – განაცხადა ხმალაძემ.

როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერება 45 სასწავლო დღის გაცდენის შემდეგ ხდება.

„45 სასწავლო დღის გაცდენის შემდეგ ხდება სტატუსის შეჩერება, მაგრამ წინასწარ, 20 დღის ვადაში შეტყობინება უნდა გაეგზავნოს სკოლიდან მშობელს, რომ მოხდება სტატუსის შეჩერება, რათა იძულებული გახადოს, ბავშვი სკოლაში მოიყვანოს. სამწუხარო ის არის, რომ მშობელმა არ აღიარა, რომ ბავშვს რაიმე შეემთხვა, ინტერნეტით გავიგეთ ჩვენც“, – აღნიშნა დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მამაკაცმა არასრულწლოვანი მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.