როგორ მიმდინარეობს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რა ეტაპზეა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება და რა სიახლეებია მოსალოდნელი, ამ და სხვა საკითებზე 1tv.ge რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს ესაუბრა.
– ბატონო ზურაბ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაგეგმილია დეცენტრალიზაციის ახალი ეტაპის დაწყება. ამ დროისთვის რისი თქმა შეგიძლიათ, კონკრეტულად რას გულისხმობს დეცენტრალიზაციის ახალი ტალღა?
– პირველ რიგში გეტყვით, რომ 2014 წელს მიღებული კოდექსის სახით, ჩვენ უკვე გვაქვს თვითმმართველობის მუშა სისტემა. დროის ახალი გამოწვევების შესაბამისად, ამ ეტაპზე საჭიროა შემდგომი წინსვლა ამ სფეროში. უახლოეს პერიოდში იგეგმება შეხვედრა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასევე მოწვეული იქნებიან საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ შეხვედრაზე წარმოვადგენთ ახალ ხედვას, რომელიც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. ესაა – თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება, ადგილებზე მეტი ფინანსური რესურსების მობილიზება და მოქალაქეებთან ანგარიშვალდებულების უმაღლესი სტანდარტის დანერგვა.
– ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტი უკვე მზად არის?
– არა, ასეთია სამთავრობო ხედვა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ალტერნატიულ აზრს არ გავითვალისწინებთ. ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია, შემდეგ იქნება საჯარო განხილვები, დისკუსიები და საბოლოო სახით დოკუმენტი მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოყალიბდება.
– გასულ წელს, როცა რამდენიმე მუნიციპალიტეტი გაერთიანდა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენი ქვეყანა პატარაა და არ გვაქვს იმის ფუფუნება, დიდი ბიუროკრატია შევინახოთ, აუცილებეულია ბიუროკრატიაში ხარჯების ოპტიმიზაცია გავაკეთოთ, რომ სოფლებში გზები ვაშენოთ, წყალი გავიყვანოთ, მოსახლეობას მეტი დოვლათი შევუქმნათ და შესაძლებლობა მივცეთ განვითარების. რა თანხა გამოთავისუფლდა და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს რეფორმა. დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება იმის თქმა, რომ ამ რეფორმამ გაამართლა როგორც ფინანსურად, ასევე ინსტიტუციურად?
– ის აზრი, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი ბიუროკრატია არ სჭირდება და მოქალაქეების კეთილდღეობის ასამაღლებლად კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების გაკეთებაა აუცილებელი, ვფიქრობ, უალტერნატივოა. წინა წელს 14 მუნიციპალიტეტში მოხდა ტერიტორიული ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც ორი თვითმმართველი ერთეულის ნაცვლად (მაგალითად – გორში, თელავში, ამბროლაურში და ა. შ.), მივიღეთ ერთი თვითმმართველი ერთეული. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება ინსტიტუციურად გამართლებულია და ფინანსურადაც, თუმცა ჯერ ეკონომიებზე ლაპარაკი, ცოტა ადრეა. ამ რეორგანიზაციას დაემთხვა სახელფასო პოლიტიკის ცვლილება, მალე დაიწყება მერიებთან არსებული არაკომერციული იურიდიული პირებისა და შპს-ების რეფორმა და ყველა ამ სიახლის გათვალისწინებით, ვფიქრობ, 5-6 თვის შემდეგ დავინახავთ ფინანსურ ეფექტს, თუმცა გამოთავისუფლებულ თანხებზე მნიშვნელოვანია, გამართული სისტემა და ეფექტიანი მენეჯმენტი, რომელიც ადგილებზე ადამიანებისთვის სწრაფი და ხარისხიანი სერვისების მიწოდებას შეძლებს.
– მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი ნახევარ მილიარდზე მეტით გაიზარდა და მილიარდ 815 მილიონ ლარს მიაღწია. როგორც გასული წლის ბოლოს აღნიშნეთ, სამინისტროს უზარმაზარი სამუშაოები ექნება ჩასატარებელი, რათა ეს ბიუჯეტი შეასრულოს. უფრო ზუსტად რომ გვითხრათ, რა სამუშოებისა და პროექტების დაწყება იგეგმება წელს და რამდენად შეუწყობს ეს პროექტები ხელს ქვეყნის ინფარსტრუქტული პრობლემების მოგვარებას?
– დავიწყოთ ბიუჯეტით. გასული წლის თავდაპირველი გეგმა 108%-ით ავითვისეთ, რაც კარგი მაჩვენებელია და პოზიტიურ ტენდენციაზე მიუთითებს. რაც შეეხება პროექტებს, გამოვყოფ რიკოთის უღელტეხილის პროექტს, რომლის სიგრძე 50 კილომეტრზე მეტია და რამდენიმე ათეული ხიდისა და მაგისტრალური გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. ეს მონაკვეთი ყველაზე მოცულობითია, როგორც სირთულით, ასევე ფინანსურად. დონორებთან კოორდინაციით ვცდილობთ, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა დროულად დაიწყონ მუშაობა. ეს პროექტი 2021 წლისთვის უნდა დავასრულოთ და თან ისე წარვმართოთ სამუშაო პროცესი, რომ ადამიანების და ტვირთების გადაადგილება არ შეფერხდეს.
– თქვენს მიერ ნახსენები პროექტების გარდა, კიდევ რა პროექტებია დაგეგმილი?
– წელს მხოლოდ ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე დაახლოებით 800 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ დროისთვის მიმდინარეობს 70 კმ ჩქაროსნულ გზაზე მუშაობა და წელსვე დაიწყება კიდევ რამდენიმე ათეული კმ-ის მშენებლობა. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე მოხდება ათეულობით კილომეტრის მშენებლობა-რეაბილიტაცია, აუცილებლად გვექნება წინსვლა რეგიონებში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწესრიგების, მყარი ნარჩენების ეფექტიანი მართვის მიმართულებებით. სტრატეგიულ პროექტებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას. ეს პორტი მოგვცემს საშუალებას ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ასევე, გვაქვს მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები და საინტერესო გეგმები ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
– პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადეთ, რომ გამოწვევები დიდია. კონკრეტულად რა გამოწვევების წინაშე დგას თქვენი უწყება? 2017 წელს იყო თუ არა პრობლემები პროექტირებებთან დაკავშირებით ?
– ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელ პირობად მიმაჩნია ერთი პრინციპის დაცვა – მხოლოდ პრობლემის აღიარებით იწყება პრობლემის მოგვარება. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს და მათ შორის, პროექტირებებთან მიმართებაში. გუნდთან ერთად, ჩვენ დავნერგეთ ახალი მიდგომა და ისე ვემუშავებით კონტრაქტორებს, რომ ყველა მიმართულებით მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. იყო შემთხვევა, როცა ერთ მნიშვნელოვან საგზაო ობიექტზე მოგვიხდა ხელშეკრულების გაწყვეტა, რადგან კონტრაქტორი, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ახერხებდა ვალდებულებების შესრულებას. გამოუვალი ვითარება იყო, თორემ ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ნამდვილად არ არის საუკეთესო ვარიანტი. ახალი ტენდერის გამოცხადებას, გამარჯვებულის გამოვლენას, დონორების დარწმუნებას, ხელშეკრულების გაფორმებას ძალიან დიდი დრო სჭირდება, დასაკარგი დრო კი ნამდვილად არ გვაქვს.
– თქვენ ისაუბრეთ საგზაო პროექტებზე. რამდენიმე პერიმეტრზე რჩება პრობლემები, სადაც კვლავ ხშირია ავტოავარიების შემთხვევები. ამ კუთხით თუ იგეგმება ნაბიჯების გადადგმა?
– გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესში საგზაო უსაფრთხოების თემა უმნიშვნელოვანესია. ვცდილობთ, ეს საკითხი ყველა პროექტში დეტალურად გავითვალისწინოთ და რაც მთავარია, პრაქტიკაში განვახორციელოთ. ამისთვის, მუდმივი მონიტორინგის რეჟიმი გვაქვს მიმდინარე პროექტებზე და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სტანდარტიდან გადაცდომა არ დავუშვათ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჩართული ვართ გზებზე ვიდეოკამერების დამონტაჟების პროცესში და ვფიქრობ, ეს ძალიან ეფექტიანი ბერკეტია ავტოავარიების შესამცირებლად, რადგან სტატისტიკა აჩვენებს, რომ ავარიების აბსოლუტური უმეტესობა ხდება გადაჭარბებული სიჩქარის გამო.
– ცოტა ხნის წინ, თქვენ აღნიშნეთ, რომ ბაკურიანი მოუმზადებელი აღმოჩნდა ტურისტების დიდი რაოდენობისთვის, რამაც ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროება დააყენა დღის წესრიგში. კონკრეტულად, რას გეგმავთ ბაკურიანის ინფარასტრუქტული განვითარების კუთხით, რათა შემდგომში კურორტი მომზადებული დახვდეს ტურისტების ნაკადს ?
– წელს რეკორდული რაოდენობის დამსვენებელი სტუმრობს ბაკურიანს. განსაკუთრებით აქტიური პერიოდი იყო ახალი წლის დღეებში. უკვე მომავალი ზამთრის სეზონისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება – ბაკურიანის შესასვლელთან გავაკეთებთ შემოვლით გზას, ციხისჯვრისა და ტაბაწყურის მიმართულებით მოეწყობა დიდი პარკინგი, რომელიც დაახლოებით 1200 მანქანაზე იქნება გათვლილი. მალე მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებს დიდველთან პარკინგის მშენებლობას. შეუძლებელია ბაკურიანში ამდენი მანქანა მოძრაობდეს, რადგან ფეხით მოსიარულეებს ექმნებათ პრობლემები და ამას რომ თავი დავანებოთ, ელემენტარულად კურორტი კარგავს ხიბლს – ბავშვები ვეღარ სეირნობენ ციგებით, ვერ გადაადგილდებიან მარხილები, ამდენი გამონაბოლქვით ბინძურდება ეკოლოგია. ამიტომ მოეწყობა პარკინგის ტერიტორია, სადაც დამსვენებლები შეძლებენ ავტომანქანის დატოვებას, ხოლო ბაკურიანში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდებიან. ეს გეგმები აუცილებლად განხორციელდება და თან ძალიან სწრაფად, სხვაგვარად ბაკურიანის განვითარება წარმოუდგენელია.
ავტორი - მარი ჯავახიშვილი