ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, ფისკალური დეცენტრალიზაციის ევროპულ მაჩვენებელს დავუახლოვდეთ
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, ფისკალური დეცენტრალიზაციის ევროპულ მაჩვენებელს დავუახლოვდეთ

ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ დავუახლოვდეთ ფისკალური დეცენტრალიზაციის ევროპულ მაჩვენებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველ ყოველწლიურ ფორუმზე – „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფორუმის ინიციატორი და მასპინძელია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტი.

მისი თქმით, მთავრობის ამოცანა არის, რომ სულ მცირე 7%-ი შეადგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების ხვედრითმა წილმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში რამდენჯერმე გაიზრდება ყველა მუნიციპალიტეტის შემოსავლები.

„ეს ნიშნავს ფუნდამენტურ ცვლილებას, უკეთეს მომსახურებას ჩვენი მოქალაქეებისათვის. ეს ნიშნავს მუნიციპალური უფლებამოსილებების უკეთეს განხორციელებას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფლებამოსილებებისა და ფინანსების გადაცემასთან ერთად აღიჭურვონ ადგილობრივი თვითმმართველობები სათანადო ადამიანური რესურსებით. შესაბამისად, საჭიროა,  ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მომზადებისა და გადამზადების სათანადო კონცეფციის არსებობა და ესეც უნდა გახდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დეცენტრალიზაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთგვარი ქვაკუთხედია მოქალაქეთა მონაწილეობა.

„ბუნებრივია, თვითმმართველობა ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი მოქალაქეები თვითონ, თავად აწესრიგებენ ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს. შესაბამისად, მოქალაქეთა მონაწილეობა არის ერთგვარი ქვაკუთხედი ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის. შესაბამისად, ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ესეც უნდა იყოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, დეცენტრალიზაცია საქართველოს მთავრობამ რეფორმების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეცენტრალიზაცია, კლასიკური გაგებით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის უფლებამოსილებებისა და ფინანსების გადაცემას ნიშნავს და სტრატეგიის მიზანი სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილებების გაფართოება და ფინანსური რესურსების გაძლიერება უნდა იყოს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეცენტრალიზაციის ეროვნულ სტრატეგიაზე აქტიურად მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ამ პროცესს საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

„ჩვენ მზად ვართ, ყველა ეტაპზე ჩავერთოთ ამ დოკუმენტის შემუშავებასა და მისი განხორციელების პროცესში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.