თენგიზ შერგელაშვილი - დეცენტრალიზაციის რეფორმა შეფერხდა, წინსვლის ნაცვლად, კლასიკურ საბჭოთა ტერიტორიულ მოწყობას დავუბრუნდით
თენგიზ შერგელაშვილი - დეცენტრალიზაციის რეფორმა შეფერხდა, წინსვლის ნაცვლად, კლასიკურ საბჭოთა ტერიტორიულ მოწყობას დავუბრუნდით

დეცენტრალიზაციის რეფორმა, რომელიც 2013–2014 წლებში დავიწყეთ, შეფერხდა, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და „შენების მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ შერგელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ამ მიმართულებით ქვეყანა წინ წასულიყო, ისევ კლასიკურ საბჭოთა ტერიტორიულ მოწყობას დაუბრუნდა.

„სამწუხაროდ, დეცენტრალიზაციის რეფორმა, რომელიც 2013–2014 წლებში დავიწყეთ, შეფერხდა და იმის ნაცვლად, რომ წინ წავსულიყავით, ისევ კლასიკურ საბჭოთა ტერიტორიულ მოწყობას დავუბრუნდით, რაც ამ ქვეყანაში თავკომბალობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. თუ ზურაბ ალავიძემ რამე მოახერხა, ეს ამ მიმართულებით ცუდის გაკეთება იყო“, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ საგზაო დეპარტამენტში სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზეც ისაუბრა, რასაც მისი თქმით, მკაფიო და პრინციპული ხედვა სჭირდება.

„გზებთან მიმართებით ფუნქციები გადასანაწილებელია. გზების 80%–ზე მეტი ერთ რეგიონში იწყება და ერთ რეგიონში სრულდება. თუ საგზაო დეპარტამენტი პატარა, მოქნილი სტრუქტურა იქნება, რომელიც ძირითადად, საერთაშორისო გზებს, ავტობანებს მიხედავს, ამით უფრო გამჭვირვალე სისტემას მივიღებთ. სხვათა შორის, შედარებით მცირე, შიდა სახელმწიფოებრივად წოდებულ გზებში კიდევ უფრო მეტად ბუნდოვანი ვითარებაა, ვიდრე დიდ ავტობანებზე“,– განაცხადა შერგელაშვილმა.

როგორც შერგელაშვილმა აღნიშნა, ინფრსტრუქტურის სამინისტროში მინისტრებზე უფრო ხშირად საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელები იცვლებოდნენ.

„ნოდარ ჯავახიშვილის მინისტრობისას დაიწყო მცდელობა, რომ ცოტა უფრო მეტი ცვლილება განხორციელებულიყო, რადგან წლების განმავლობაში შექმნილ სისტემას აქვს უნარი, იქ მისული ახალი ადამიანები შეისრუტოს. ამიტომ მნიშვნელოვანია მტკიცე და პრინციპული ადამიანი, რომელსაც შეუძლია, არა თუ შესრუტულ იქნას, არამედ პირიქით, სისტემური ცვლილებები განახორციელოს“, – განაცხადა შერგელაშვილმა.