ქვეყნის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა დღეს ბათუმიდან დაიწყო
ქვეყნის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა დღეს ბათუმიდან დაიწყო

საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესის გაგრძელების, ასევე თვითმმართველობების უფლებებისა და ფინანსური რესურსების გაძლიერებაზე საკონსულტაციო შეხვედრები დღეს ბათუმიდან დაიწყო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა საქართველოს ყველა რეგიონშია დაგეგმილი და საკონსულტაციო შეხვედრებს სამინისტროსთან ერთად საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მართავს.

განხილვაში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მესამე სექტორიც აქტიურად არის ჩართული.

„სტრატეგია გულისხმობს 2025 წლამდე პერსპექტივას, ის მოიცავს თვითმმართველობისთვის როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემას და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნას”,-განაცხადა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მელუამ.

სტრატეგიის მიმართ შენიშვნები აქვთ ექსპერტებს. ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ სტრატეგია არის მხოლოდ ზოგადი სურვილი და საკითხი მეტ კონკრეტიკას საჭიროებს.

საკონსულტაციო შეხვედრები დასავლეთ საქართველოს ხუთივე რეგიონში გაიმართება, შემდეგ კი, განხილვები აღმოსავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს.