ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია - დეცენტრალიზაცია მუნიციპალიტეტებს მოტივაციას უმაღლებს
ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია - დეცენტრალიზაცია მუნიციპალიტეტებს მოტივაციას უმაღლებს

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ხოსრუაშვილი აცხადებს, რომ რეგიონების დეცენტრალიზაცია შეუქცევადი პროცესია, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ხოსრუაშვილი ამის მაგალითად დამატებული ღირებულების გადასახადის რეგიონში დატოვების საკითხს ასახელებს.

„ალბათ, უკვე შეუქცევადი პროცესია დეცენტრალიზაცია. რეალურად ამის პლუსები უკვე გამოჩნდა, მაგალითად დღგ-ის დატოვების ნაწილი. აქამდე ეს გათანაბრებით ტრანსფერზე იყო დამოკიდებული მუნიციპალიტეტი, თვეში ერთხელ ერიცხებოდა. უნდა დაერეკა ფინანსთა სამინისტროში და ეთხოვა, ჩაერიცხა ან არ ჩაერიცხა. ახლა დღგ უკვე ყოველდღიურ რეჯიმში ავტომატურად ირიცხება, შემდეგი სიკეთე ის არის,რომ რეალურად აღარ აკლდება თანხა. მაგალითად თუ ზედმეტი შემოვიდა გადასახადი დღგ აღარ აკლდება“, – განაცხადა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მისი შეფასებით, ყოველივე ეს მუნიციპალიტეტს მოტივაციას უმაღლებს, მეტი გადასახადის მიღებაზე იმუშაოს.

„აქამდე, მუნიციპალიტეტებს ეს მოტივაცია არ ჰქონდათ. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის უფრო მეტს დახარჯავს.  აქამდე,  ცენტრალურ ბიუჯეტზე იყვნენ დამოკიდებული და რამდენსაც განუსაზღვრავდა ფინანსთა სამინისტრო, იმაზე მეტს ვერ ხარჯავდნენ. ეს კიდევ ერთი საკითხია, რაც მალე ამუშავდება“ – განაცხადა დავით ხოსრუაშვილმა.

ამასთან, მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კონკრეტული საკითხების მოგვარდება ადგილზე შეუძლიათ და ცენტრალური სტრუქტურებისთვის მიმართვა საჭირო აღარ იქნება.

„ლიცენზიები, სხვადასხვა ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლები, სოციალური საკითხები, ის თემებია, რომლებიც ადგილზე გადაწყდება“, – განაცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.