ზურა მელიქიშვილი - საქართველოს მოსახლეობა ითხოვს ხელისუფლების ცვლილებას და არა საპარლამენტო ტრიბუნიდან მის ლანძღვას
ზურა მელიქიშვილი - საქართველოს მოსახლეობა ითხოვს ხელისუფლების ცვლილებას და არა საპარლამენტო ტრიბუნიდან მის ლანძღვას

საქართველოს მოსახლეობა ითხოვს ხელისუფლების ცვლილებას და არა საპარლამენტო ტრიბუნიდან მის ლანძღვას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურა მელიქიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია არ შეეგუება იმ ფაქტს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას არჩევნები მოპარა.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რა მოთხოვნაც აქვს საქართველოს მოსახლეობას – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობას არჩევნები მოპარა. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან ამ ფაქტთან შეგუება არ მოხდება. საქართველოს მოსახლეობა ითხოვს ხელისუფლების ცვლილებას და არა საპარლამენტო ტრიბუნიდან ხელისუფლების ლანძღვას, კრიტიკას და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენი გადაწყვეტილება არის ძალზედ მტკიცე და თანმიმდევრული.

„ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ხელისუფლება, რომელ პუნქტებზე უნდა მესაუბროთ, რა საარჩევნო პუნქტები უნდა გახადოთ პრიორიტეტად, როდესაც მთლიანად ხელისუფლება აქვს მიტაცებული. ხალხი ითხოვს ამ უბედურების შეჩერებას, რაც ხდება ოპოზიციონერის თავზე, რაც ხდება მასწავლებლის თავზე, რაც ხდება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თავზე: გაზრდილი ფასები, ჩავარდნილი ეკონომიკა, ხალხი საქართველოდან გარბის. მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ პირობების შემქმნელი „ქართული ოცნება“ ჩამოეცილებინა ხელისუფლებიდან. თუ რომელიმე პოლიტიკოსს აქვს მცდელობა, „ქართულ ოცნებას“ გაუხანგრძლივოს აღნიშნული მდგომარეობა, ძალზედ დიდ შეცდომას უშვებს“, – განაცხადა ზურა მელიქიშვილმა.