ზურა ხაჩიძე - როგორც მეზობლებისგან გავიგეთ, ირაკლი ნოზაძე გოგონებმა დაჭრეს
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ზურა ხაჩიძის განცხადებით, მეგობრებისთვის უცნობია, რა ვითარებაში დაჭრეს ირაკლი ნოზაძე.
მისივე თქმით, მეზობლებისგან გაიგეს, ინციდენტში გოგონები მონაწილეობდნენ.
„მიმდინარეობს ოპერაცია. როგორც ვიცით, მდგომარეობა მძიმეა. როგორც ჩვენ ვიცით, არტერიაშია დაჭრილი ცივი იარაღით. გამოძიება დაადგენს დანარჩენს, რა მოხდა. ველოდებით ექიმის გამოსვლას, რომ საბოლოო პასუხი გვითხრას. არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. გუშინ, როგორც იცით ვაკის პარკში კონცერტი გვქონდა. ჩვენ, გარდა ჯგუფისა, ვართ ძალიან დიდი ხნის ბავშვობის მეგობრები. არანაირად არ არის ეს ადამიანი კონფლიქტური. არასდროს გამოირჩეოდა ჩხუბით. ირაკლი ყოველთვის არის გაწონასწორებული და მშვიდი. ისიც გავიგეთ, რომ სამწუხაროდ გოგოები ყოფილან, ისიც მეზობლებისგან“, – განაცხადა ხაჩიძემ.
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, ირაკლი ნოზაძე ცოტა ხნის წინ დიდუბეში დაჭრეს. ნოზაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმის ინფორმაციით, ის გულ-მკერდის არეშია დაჭრილი და მაგისტრალური სისხლძარღვი აქვს დაზიანებული.